ახალი ამბები

აფხაზები პოლიციელის მკვლელობაში საქართველოს სპეცსამსახურებს ადანაშაულებენ

11 იანვარი, 2012 • • 963
აფხაზები პოლიციელის მკვლელობაში საქართველოს სპეცსამსახურებს ადანაშაულებენ

გალის რაიონის სოფელ გაგიდაში 9 იანვარს მოკლული პოლიციელის, ვიტალი როდონაიას, მკვლელობაში დე ფატქო აფხაზეთის პროკურატურა საქართველოს სპეცსამსახურებს ადანაშაულებს. აფხაზური პოლიციელის მკვლელობის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც სწორედ ამ ვერსიაზე მუშაობს.

ინტერნეტ გამოცემა “Кавказский узел-ის” ცნობით, 33 წლის ვიტალი როდონაია ტყვარჩელის რაიონის სოფელ კოხორაში ცხოვრობდა, ეროვნებით ქართველი იყო და გალის პოლიცის განყოფილებაში მუშაობდა. 9 იანვარს როდონაია სოფელ გაგიდაში სიდედრის სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც სახლში სამი ნიღბიანი, შეიარაღებული პირი შევიდა და გალის პოლიციის თანამშრომელი გარეთ გაიყვანა. მალევე, ვიტალი როდონაია სახლიდან 150 მეტრის მოშორებით მოკლული იპოვნეს, მას 11 სასიკვდილო ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა.

დე ფაქტო აფხაზეთის გენერალური პროკურორი მიიჩნევს, რომ ვიტალი როდონაია საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლებმა მოკლეს, რადგან მსგავსი ფაქტი ადრეც განმეორებულა.  ”Кавказский узел-ის” ინფორმაციით, ამ ვარაუდის საფუძვლად აფხაზეთის პროკურატურას ის ფაქტი მიაჩნია, რომ აქამდეც არაერთხელ მოუკალავთ დე ფაქტო რესპუბლიკის ეროვნებით ქართველი პოლიციის თანამშრომლები.

ოფიციალური სოხუმის მტკიცებით, ქართული სპეცსამსახურები ეროვნებით ქართველებს არ პატიობენ დე ფატქო რესპუბლიკის სახელმწიფო უწყებებში მუშაობას.

ქართველ სამართალდამცავებს აფხაზების ამ ბრალდებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი