ახალი ამბები

ირანის ბირთვული პროგრამა კვლავ კრიტიკის საგანია

10 იანვარი, 2012 • • 1028
ირანის ბირთვული პროგრამა კვლავ კრიტიკის საგანია
ირანს ბირთვული პროგრამის გნხორციელება – ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრებასთან დაკავშირებული სამუშაოები– ახალ ობიექტზე აქვს დაწყებული. აღნიშნულის შესახებ იუწყება გაეროს ატომური სააგენტო.

სააგენტოს ინფორმციით, ბირთვულ პროგრამაზე სამუშაოები დაწყებულია ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ყუმის მახლობლად, ფორდოუს ბუნკერში. აღნიშნული ობიექტი მთებს შორის არის მოქცეული და ღრმად, მიწის ქვეშ მდებარეობს. ამის  ამსახველი ფოტო–მასალა აშშ–ის სადაზვერვო სამსახურმა გაავრცელა. ფოტოები სატელიტიდან არის გადაღებული.

ოფიციალური ვაშინგტონი და დასავლელი მოკავშირეები აცხადებენ, რომ ირანი ბირთვულ პროგრამას იყენებს ბირთვული იარაღის შესაქმნელად. აღნიშნულ ბრალდებას არ ეთანხმება ირანი და აღნიშნავს, რომ ბირთვული პროგრამა სამშვიდობო ხასიათისაა. დასავლეთისა და აშშ–ის ეკონომიკური სანქციების მიუხედავად, ირანი უარს ამბობს ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე.

ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობის დაძაბულობას კიდევ უფრო აღრმავებს ირანის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც 28 წლის ირანელი წარმოშობის ყოფილ ამერიკელ სამხედროს, ამირ მირზა ჰეკმატის აშშ-ისა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის სიკვდილით დასჯა მიესაჯა. აშშ შეშფოთებულია ამ ფაქტით და დაუყოვნებლივ მოითხოვს დაკავებული ამერიკელის გათავისუფლებას. მათი მტკიცებით, აღნიშნული ბრალდება უსაფუძვლოა.

ამ მოვლენების პარალელურად ირანის პრეზიდენტი აგრძელებს სამხრეთ ამერიკულ ტურნეს. აჰმადინეჯადი უკვე შეხვდა ვენესუელას პრეზიდენტ უგო ჩავესს. პრეზიდენტებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხს.  

“ნათელია, რომ მათ (დასავლეთს) ეშინიათ ჩვენი განვითარების. ჩვენი იარაღი ლოგიკაა, ჩვენი იარაღი კულტურაა, ჩვენი იარაღი ადამიანის ფასეულობებია,” – აღნიშნა შეხვედრაზე აჰმადინეჯადმა.

თავის მხრივ, უგო ჩავესმა პირობა დადო, რომ ვენესუელა კვლავ გააგრძელებს თანამშრომლობას ირანთან, რათა შეაჩერონ აშშ–ის “იმპერიული სიგიჟე”, რომელიც, მისივე თქმით, მსოფლიოს დიდ საფრთხეს უქმნის.

აჰმადინეჯადი 5–დღიანი ტურნეს ფარგლებში ვიზიტს, ასევე, გეგმავს ნიკარაგუაში, კუბასა და ეკვადორში.

მასალების გადაბეჭდვის წესი