ახალი ამბები

ივანიშვილის 754’165 ლარი ქართულ მედიას

10 იანვარი, 2012 • • 1868
ივანიშვილის 754’165 ლარი ქართულ მედიას

ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

დღეს, 10 იანვარს, საქართველოს კონტროლის პალატამ გამოაქვეყნა მოძრაობა ”ქართული ოცნების” მიერ დახარჯული თანხების სია. დოკუმენტის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივმა მოძრაობამ 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე ქართულ მედიას სხვადასხვა მომსახურებისათვის ჯამში 754 165 ლარი გადაუხადა.

ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, ”ქართული ოცნების” ანგარიშიდან შპს ”სტუდია მაესტროს” ანგარიშზე სარეკლამო რგოლების განთავსებისთვის 2011 წლის 29 დეკემბერს 195 622 ლარი ჩაირიცხა, ხოლო ტელეკომპანია ”კავკასიის” ანგარიშზე იგივე მიზნისთვის და იმავე დღეს –147 893 ლარი. გარდა ამისა, დეკემბერშივე ”კაკასიამ” ”ქართული ოცნებისგან” ტრანსლაციის უზრუნველსაყოფად დამატებით 30 ათასი ლარი მიიღო.

გასული წლის დეკემბერში 90 ათას ლარამდე აქვს მიღებული შპს ”რე-ანიმატორს.” ”საქართველოს რეგიონულ რადიომაუწყებელთა ქსელმა” ”ქართული ოცნების” ტრანსლირებისთვის ორგანიზაციისგან 20 340 ლარი მიიღო. იმავე პრეზენტაციის ეთერში გაშვებისთვის ტელეკომპანია ”თრიალეთს” 10 ათასი ლარი, ხოლო ბათუმის 25-ე არხს 663 ლარი გადაერიცხა.

ივანიშვილის ქართული ოცნებისგან სარეკლამო მომსახურების ღირებულება – 2400 ლარი მიიღო გაზეთმა ”რეზონანსმა”, ხოლო ”გურია ნიუსმა”(შპს ჩოხატაურის მაცნე) – 54 150 ლარი.

იხილეთ ”ქართული ოცნების” მიერ ქართული მედიასაშუალებებისთვის გადარიცხული თანხის სრული სია


მასალების გადაბეჭდვის წესი