ახალი ამბები

ვეგანური კაფე kiwi-ს განცხადებით, იძულებული არიან, სხვა ადგილას გადავიდნენ

8 ივნისი, 2016 • 1669
ვეგანური კაფე kiwi-ს განცხადებით, იძულებული არიან, სხვა ადგილას გადავიდნენ

ვეგანური კაფე kiwi-ს თანამშრომელი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, აცხადებს, რომ მეზობლებისა და კაფეს შენობის მეპატრონის დამოკიდებულების გამო იძულებული არიან, ალტერნატიული ფართი მოძებნონ.

როგორც მან ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ მეზობლებმა მათ აუკრძალეს სკამების გარეთ დადგმა:

“გვაქვს აუდიოჩანაწერი დიქტოფონზე, რომელსაც ჯერჯერობით ვერ გავავრცელებთ, რომ გადავალთ ,მერე გავავრცელებთ. ფართის მფლობელის შვილი გვეუბნება, რომ ვეგეტარიანელობა გამიგია, ოღონდ საქართველოში ვერასდროს ვერ მივიღებთ კაცს, რომელსაც შარვალზე ყვავილები ახატიაო. ფართის მფლობელი ამბობს, რომ მეზობლები გვეუბნებიან, რომ მოაშორე აქედანო. ჩვენ თვითონ გადავწყვიტეთ, პირველ რიგში,  გადასვლა იმიტომ, რომ მოგვაშორებინეს გარედან სკამები და ყველა დასაჯდომი. თქვეს, რომ შიგნით იყავით, გარეთ არ გვინდა გიყიურონო, იმიტომ, რომ მერე მოდიან და გვეუბებიან რაღაცებსო. ეს რეალურად დისკრიმინაციაა, როდესაც ადამაინებს განასხვავებენ იმით, თუ როგორ გამოიყურებიან,”- განაცხადა მან.

მისივე თქმით, კაფეზე გაქირავების განცხადება თავად მეპატრონემ გამოაკრა.

რაც შეეხება ალტერნარიულ ადგილს, სადაც უნდა გადავიდნენ, კაფეს ჯერ მოძებნილი არ აქვს.

“ჯერჯერობით პოზიტიურად ვუყურებთ, რომ უკეთესი იქნება იმიტომ, რომ ცოტა დიდი ფართიც შეიძლება ავიღოთ,”- განაცხადა ნეტგაზეთთან კაფეს თანამშრომელმა.

კაფეს თანამშორმლის განცხადებით, ვერცხლის ქუჩაზე, სადაც კაფე ახლა მდებარეობს, თვის ბოლომდე დარჩება, შემდეგ კი სხვა ადგილას გადავლენ.

29 მაისს ვეგანურ კაფეში ინციდენტი მოხდა. კაფეში ანიმაციური ფილმის ჩვენება მიმდინარეობდა, რა დროსაც, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ათზე მეტი ადამიანი მივიდა. მომხდარის ერთ-ერთი თვითმხილველი ნონო ანთაძე გვიყვება, რომ უცხო პირების ჯგუფმა ლუდი იყიდა და კაფეში, სადაც სიგარეტის მოწევა აკრძალულია, თამბაქოს მოუკიდა.

“შეიძინეს ლუდი და დაიწყეს ხმამაღლა ყვირილი. გამომწვევად ყვიროდნენ. ბარმენმა და მიმტანმა უთხრეს, რომ დატოვეთ ტერიტორია, ნუ ყვირით, ხალხი ფილმს უყურებს და ხელი ეშლებათო. ეს არ გაითვალისწინეს… რამდენჯერმე გაუმეორეს”, – ამბობს თვითმხილველი და დასძენს, რომ ამის შემდეგ ზემოხსენებულმა პირებმა ვეგანურ კაფეში მწვადის ნაჭრები და სოსისები შეყარეს.

ამ ინციდენტის შემდეგ შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

მომხდარის შემდეგ კაფეში სტუმრად მივიდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი