ახალი ამბები

“კავკასია” პოლიტიკური პარტიებიდან რეკლამისთვის მიღებულ თანხებს გაასაჯაროებს

9 იანვარი, 2012 • 1032
“კავკასია” პოლიტიკური პარტიებიდან რეკლამისთვის მიღებულ თანხებს გაასაჯაროებს
დღეს, 7 საათზე, ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერით ცნობილი გახდება ბოლო 2 წლის მანძილზე ტელეკომპანიაში პოლიტიკური პარტიებისთვის გაწეული მომსახურების სრული ღირებულება და მიღებული თანხები. ასევე, იმ ორგანიზაციების მიერ გადახდილი თანხები, რომლებიც პოლტიკასთან ასოცირდებიან.

ტელეკომპანია ”კავკასიას” აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულება არ აქვს, თუმცა, კავკასიის 100% წილის მფლობელის ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, ინფორმაციის გასაჯაროების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ტელეკომპანიაში საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” რეკლამის გასვლას არასწორი ინტერპრეტაცია მოყვა.

”ეს გახდა სპეკულაციის თემა. ტელეკომპანია ”იმედს” “რუსთავი 2-ს” და “საზოგადოებრივ მაუწყებელს” აინტერესებს, აფინანსებს თუ არა ”კავკასიას” ბიძინა ივანიშვილი”- წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ამ ეტაპზე ტელეკომპანია ”კავკასიაში” პოლიტიკასთან ასოცირებული მხოლოდ საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” რეკლამა გადის, რომელიც პირველად წინასაახალწლოდ გავიდა. 

მოძრაობას ტელეკომპანიაში სამთვიანი ხელშეკრულების თანხა გაქვს შეტანილი – იანვარის თებერვლისა და მარტის. დღეს მხოლოდ დეკემბერში გაწეული მომსახურების თანხების შესახებ გახდება ცნობილი. 

”დღეს, რაც შესრულებულია და შემოსავალში ავიყვანე, იმას ვაქვეყნებ, მარტის ბოლოს კი, როცა მომსახურება შესრულდება, ინფორმაციას სრულად გამოვაქვეყნებ, ჩემთვის ინფორმაციის გასაჯაროება  ყოველი თვის ბოლოსაც არ არის პრობლემა”- განაცხადა ჯანგირაშვილმა .

ჯანგირაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ კავკასიის ერთადერთი შემოსავალი არის კანონიერი სარეკლამო ფული და გრანტი.

”ყველა თეთრი მკაცრად არის აღრიცხული. ანგარიშვალდებულები ვართ საგადასახადოს და მარეგულირებლის წინაშე და ყოველთვის ყველა საბუთი გვაქვს წესრიგში. ”-წერს ჯანგირაშვილი.

ტელეკომპანიის მფლობელმა ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნა, რომ ასევე გამოქვეყნდება ჯანდაცვის სამინისტროდან და კანცელარიიდან ტელეკომპანიაში რეკლამისთვის შესული თანხები.

”ჩვენთან “სახალხო კრების” რეკლამაც იყო, რომელიც არ არის პოლიტიკური პარტია, თუმცა პოლიტიკასთან ასოცირებულია. ჩვენ ყველაფერს ვაქვეყნებთ და სხვებსაც მოვუწოდებ, იგივე გააკეთონ”

საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ტრანსლაციის ღირებულების შესახებ ინფორმაციაც. მაგალითად, ”ქართულმა პარტიამ” ყრილობის ტრანსლაცია განახორციელა, რომელიც ფასიანი საეთერო დროა და ამის შესახებ მითითებული იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი