ახალი ამბები

დატყვევებულ მეზღვაურებთან დაკავშირებით ხელისუფლებას ინფორმაციის გასაჯაროებას თხოვენ

9 იანვარი, 2012 • • 1032
დატყვევებულ მეზღვაურებთან დაკავშირებით ხელისუფლებას ინფორმაციის გასაჯაროებას თხოვენ

პოლიტიკური პარტია “სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა” მოუწოდებს ხელისუფლებას, გაასაჯაროოს ინფორმაცია, თუ ვისი ძალისხმევით მოხდა დატყვევებული მეზღვაურების გათავისუფლება.

“ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დატყვევებულთა განთავისუფლებაში ლომის წილი საერთაშორისო თანამეგობრობას და თურქულ მხარეს მიუძღვის,” – განაცხადა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე  პარტია “სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავ,ჯდომარემ, მამუკა ბალიაშვილმა.

მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება წელიწადნახევრის განმავლობაში დუმდა, თუ არ ჩავთვლით პრეზიდენტისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებებს იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება მეკობრეებთან და ტერორისტებთან მოლაპარკებებს არ გამართავდა.

პარტია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, რომ მან სარეზერვო ფონდიდან გამოყოს თანხები გათავისუფლებული მეზღვაურების რეაბილიტაციისთვის.

შეგახსენებთ, მალტის დროშის ქვეშ მცურავი საბერძნეთის ტანკერი „ოლიბ ჯი“, რომელზეც ქართველი და თურქი მეზღვაურები იმყოფებოდნენ, სომალელმა მეკობრეებმა 2010 წლის 8 ოქტომბერს ადენის სრუტეში დაატყვევეს. სომალელი მეკობრეები გემის მფლობელი ბერძნული კომპანიისგან გამოსასყიდის სახით რამდენიმე მილიონ დოლარს ითხოვდნენ, რაზეც გემის მფლობელმა უარი განაცხადა. ამის გამო ამ ხნის განმავლობაში მოლაპარაკებები ჩიხში იყო შესული.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენელმა “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ ქართულ მხარეს მეკობრეებისთვის ფული არ გადაუხდია. მეზღვაურების გათავისუფლების სხვა დეტალები უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი