ახალი ამბები

ბაჩო ახალაიამ დიდი ბრიტანეთის ყოფილი თავდაცვის მდივანი მიიღო

9 იანვარი, 2012 • • 1064
ბაჩო ახალაიამ დიდი ბრიტანეთის ყოფილი თავდაცვის მდივანი მიიღო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოს პარლამენტის წევრი, ყოფილი თავდაცვის მდივანი ლაიამ ფოქსი თავდაცვის სამინისტროში მიიღო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებ–გვერდი ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა, ISAF -ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

”უპირველეს ყოვლისა, როგორც ყოფილ თავდაცვის მდივანს, ამ შეხვედრაზე მომეცა შესაძლებლობა,  საქართველოს მთავრობისათვის  თავდაცვის მინისტრის მეშვეობით მადლობა გადამეხადა ავღანეთის მისიაში თანამშრომლობისათვის. საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს ძალიან აფასებენ როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ასევე, მთლიანად ISAF-ის მისიაში. ჩვენ განვიხილეთ ავღანეთში არსებული მდგომარეობა და ის საკითხები, თუ როგორ მოვახდინოთ რეაგირება იქ არსებულ ძალადობაზე. ვისაუბრეთ ირანში არსებულ მდგომარეობაზე, ირანის ბირთვული პროგრამის საფრთხეებზე, რა საფრთხეს უქმნის ეს პროგრამა ზოგადად რეგიონის სტაბილურობას და როგორ გავლენას მოახდენს იგი გლობალურ სურათზე. განვიხილეთ თავდაცვის მიმოხილვის პროცესი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ოფიციალური პირი, რომელიც ამ საკითში დახმარებას უწევს ქართველ კოლეგებს. ბრიტანეთიც გადის იგივე პროცესს და ჩვენ უნდა მოვახდინოთ ახალი გამოწვევების შესაბამისად რესურსებისა და სამხედრო შესაძლებლობების განახლება. ჩვენ წინაშე ძალიან დიდი გამოწვევებია, ძალიან დიდი დღის წესრიგი გვაქვს და ჩვენი ხედვები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს. დღეს დილით მე მქონდა შესაძლებლობა, ოკუპაციის ხაზი მენახა და, შესაბამისად, შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს უსაფრთხოების პრობლემები,” – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ლაიამ ფოქსმა.

გასული წლის ბოლოს დიდმა ბრიტანეთმა თავდაცვის სამინისტროში სამუშაოდ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში მრჩეველი გამოაგზავნა. დიდი ბრიტანეთის მხარესთან თანამშრომლობის ძირითად მიმართულებას განათლების სფერო წარმოადგენს. BMATT-ის (British Military Advisory Training Team) პროგრამის ფარგლებში, ქართველი ინსტრუქტორები საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების საკითხებზე მომზადებას ყოველწლიურად გადიან ქ. ვიშკოვოს (ჩეხეთის რესპუბლიკა) სამხედრო აკადემიაში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიტანელი პარლამენტარი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ”კრწანისის” ეროვნულ სასწავლო ცენტრს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ლაიამ ფოქსმა ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლები მოინახულა. იგი შეხვედრებს გამართავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ივანე მერაბიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი