ახალი ამბები

გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები საქართველოში 15 იანვარს ჩამოვლენ

9 იანვარი, 2012 • • 1017
გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები საქართველოში 15 იანვარს ჩამოვლენ

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ქართული მხარე უარყოფს მეკობრეებისთვის გამოსასყიდი თანხის გადახდას. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები საქართველოში 15 იანვარს ჩამოვლენ. ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი გემი აფრიკის ერთ-ერთი ქალაქის პორტში შევა. მეზღვაურებს ჩაუტარდებათ ყველანაირი სამედიცინო დახმარება. მათი ჯამრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. 15 ქართველ მეზღვაურთან ერთად გათავისუფლდა 3 თურქი მეზღვაურიც.

საზღვაო სააგენტოს განცხადებით, განთავისუფლების ოპერაცია უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის კონტროლის ქვეშ ხორციელდება. აფრიკაში იმყოფებიან საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები– მამუკა ახალაძე და თეიმურაზ შერვაშიძე. კოორდინაციას კი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი უწევს.

მალტის დროშის ქვეშ მცურავი საბერძნეთის ტანკერი „ოლიბ ჯი“, რომელზეც ქართველი და თურქი მეზღვაურები იმყოფებოდნენ, სომალელმა მეკობრეებმა 2010 წლის 8 ოქტომბერს ადენის სრუტეში დაატყვევეს. სომალელი მეკობრეები გემის მფლობელი ბერძნული კომპანიისგან გამოსასყიდის სახით რამდენიმე მილიონ დოლარს ითხოვდნენ, რაზეც გემის მფლობელმა უარი განაცხადა. ამის გამო ამ ხნის განმავლობაში მოლაპარაკებები ჩიხში იყო შესული.

სააგენტოს წარმომადგენელმა “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ ქართულ მხარეს მეკობრეებისთვის ფული არ გადაუხდია. მეზღვაურების გათავისუფლების სხვა დეტალები უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი