ახალი ამბები

შიდა ქართლში ჩქაროსნული მაგისტრალის შემადგენელი 7-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

7 ივნისი, 2016 • 1115
შიდა ქართლში ჩქაროსნული მაგისტრალის შემადგენელი 7-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილი – აგარა-ზემო ოსიაურის 12-კილომეტრიანი გზის 7-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა. გახსნას გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრო.

აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთი ე.წ აბრეშუმის სარტყელის შემადგენელი ნაწილია და ევროპა-აზიის გავლით ჩინეთში სატრანზიტო მიმოსვლის კვანძს წარმოადგენს. პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, აგარა-ზემო ოსიაურის 12-კილომეტრიანი მონაკვეთიდან დღეს გაიხსნა 7 კილომეტრი, დარჩენილ 5 კილომეტრზე კი სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობა 2020 წლის ბოლოს უმთავრესი სატრანსპორტო არტერიების დასრულებას გეგმავს.

” ჩვენ ვგეგმავთ, რომ წელს გავხსნათ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მონაკვეთი, რიკოთის მონაკვეთი, ანუ ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი. უკვე დაწყებულია ამ პროექტზე ძალიან აქტიური მუშაობა და სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში დაიწყება უკვე რეალური მშენებლობითი სამუშაოები. ამას გარდა 2020 წლის დასასრულისთვის და ეს ასე არ იყო დაგეგმილი ნამდვილად, ჩვენ ვგეგმავთ, რომ უმთავრესი არტერიები საქართველოსი იქნას დასრულებული. ამ პერიოდისთვის, მოგეხსენებათ, რომ ანაკლიის პორტის პირველი ფაზაც დასრულებული იქნება და აღმოსავლეთ-დასავლეთით, ჩრდილოეთ-სამხრეთით ძირითადი მაგისტრალები დასრულდება. ამ პერიოდისთვის ასევე იქნება დასრულებული ძირითადი ტურისტული მიმართულებების დამაკავშირებელი გზები და ეს არის სვანეთისკენ მიმავალი გზა თავისი გვირაბებით; ეს არის ქუთაისი-აბასთუმნის გზა. ქუთაისი ჩვენ უნდა ვაქციოთ საქართველოს შიდა ჰაბად, რომელიც იქნება დამაკავშირებელი ყველა წერტილთან. ჩვენ ასევე ვგეგმავთ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი გზების პროექტირებას. უკვე წელს დავიწყებთ პროექტირებას მთათუშეთში მიმავალი გზის, ვინაიდან ამას გააჩნია ძალიან მრავალმხრივი დანიშნულება – ეს არის უსაფრთხოების მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი რეგიონი. ვგეგმავთ რაჭის განვითარების მიმართულებით ახალი გზის აშენებას, რომელიც გომსა და რაჭას დააკავშირებს. ეს ყველაფერი მოიტანს საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან სტიმულს განვითარებისა,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრმა გზის გახსნა ასევე მიულოცა ადგილობრივ მაცხოვრებლებს. მისი თქმით, ჩქაროსნული მაგისტრალი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეკონომიკის განვითარებაში.

“მინდა ასევე მივულოცო ადგილობრივ მაცხოვრებლებს. 500-ზე მეტი ადამიანია ადგილობრივი დასაქმებული მარტო ამ მონაკვეთზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები საცხოვრებელი ადგილის მიტოვების გარეშე შოულობენ თავიანთ სარჩო-საბადებელს, თავიანთ ოჯახებს ინახავენ. ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, იმისთვის კეთდება, რომ საგზაო არტერიების განვითარებასთან ერთად განვითარდეს ჩვენი ქვეყნის რეგიონები და ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ერთად ავაგუგუნებთ საქართველოს,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი