ახალი ამბები

კავკასიის უნივერსიტეტეი “FLASHMOB”-ში შესული ხმების საჯარო დათვლას ითხოვს

29 დეკემბერი, 2011 • 1243
კავკასიის უნივერსიტეტეი “FLASHMOB”-ში შესული ხმების საჯარო დათვლას ითხოვს

კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია “იმედმა”  SMS-ების მიღების პროცესში ბევრი შეცდომა დაუშვა. უნივერსიტეტი ხმების საჯარო დათვლას ითხოვს.  ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ შეცდომები ტექნიკურმა ხარვეზმა ან შეგნებულმა მანიპულაციამ გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ 24 დეკემბერს ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში პროექტ “FLASHMOB”-ის ფინალური შეხვედრა შედგა. ერთმანეთს კავკასიის უნივერსიტეტი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ეჯიბრებოდნენ. ჟიურის ხმათა უმრავლესობით გამარჯვება კავკასიის უნივერსიტეტმა მოიპოვა, თუმცა შეფასების ერთ-ერთი კომპონენტი სატელეფონო გზავნილებიც იყო. ამ კომპონენტში გამარჯვებულად  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი გამოცხადდა და პროექტის გამარჯვებულიც ეს უკანასკნელი გახდა.

კავკასიის უნივერსიტეტს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წარმოდგენილია  ის არგუმენტები, რის გამოც უნივერსიტეტი პროექტის შედეგებს არალეგიტიმურად თვლის.

“ დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადაცემის დაწყებიდან რამდენიმე წუთში კავკასიის უნივერსიტეტის მხარდამჭერებმა დააფიქსირეს, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა  ნომერზე 1210 შეფერხებული იყო.  მობილური ქსელის ოპერატორი “მაგთი” უკან აბრუნებდა  კავკასიის უნივერსიტეტისთვის მინიჭებულ ციფრ 5-ზე შეტყობინებებს.”

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებით, ფაქტის დასამტკიცებლად მათ აქვთ მხარდამჭერთა მობილურ ტელეფონებზე “მაგთისგან” დაბრუნებული ათასობით  SMS– ტექსტით “გთხოვთ სცადოთ თავიდან”.

“აღნიშნულის გამო ბევრმა მხარდამჭერმა  შეწყვიტა მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, რის გამოც მიღებული შედეგები უკვე ვეღარ ჩაითვლება სამართლიანად”-წერია განცხადებაში.

კავკასიის უნივერსიტეტის განცხადებით, მათ ფაქტების სახით SMS-ების ადგილზე მისვლის რაპორტებიც აქვთ, რომლის მიხედვითაც, კავკასიის უნივერსიტეტის მხარდამჭერთა გზავნილები გადაცემის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ აღირიცხა.

კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებით, აღნიშნული ხარვეზის შესახებ მათ გადაცემის მსვლელობისას აცნობეს  “მაგთის” და ტელეკომპანია”იმედს”.

“მიუხედავად იმისა, რომ “მაგთი” ხარვეზს ადასტურებდა, ტელეკომპანიამ გამარჯვებული მაინც SMS–ებზე  დაყრდნობით გამოავლინა”

ის, რომ ტექნიკური  გაუმართაობის ფაქტი დაფიქსირდა, ადმინისტრაციის განცხადებით, ის პროცენტული მონაცემებიც მოწმობს, რომელიც გადაცემის მსვლელობისას ფიქსირდებოდა

“მიღებულ შეტყობინებების გამოქვეყნების პროცესში 2  გუნდის მიერ მიღებული ხმების პროცენტული გადანაწილებისას ჯამი აღემატებოდა 100%-ს.”– აღნიშნულია განცხადებაში.

კავკასიის უნივერსიტეტმა მიმართა ტელეკომპანია”იმედს”, შეისწავლოს სიტუაცია და ხმები ხელახლა, საჯაროდ დათვალოს.

ადმინისტრაციის განცხადებით, ტელეკომპანია „იმედი“ უკვე 3 დღეა პირდება კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და სტუდენტთა ჯგუფს, რომ გაერკვევა სიტუაციაში. პირადი საუბრებისას საპროდიუსერო გუნდი ადასტურებს ხარვეზს და ამბობს,  რომ ხმებს საჯაროდ გადათვლის,  თუმცა საღამოობით საკუთარ საინფორმაციო გამოშვებებში განმარტავს, რომ მხოლოდ “რამდენიმეწამიანი შეფერხება” იყო.

“ეს კიდევ მეტად ამძაფრებს შეგნებული იმიტაციის ეჭვს, ვინაიდან ხერვეზი დადასტურებულად გაგრძელდა მთელი გადაცემის განმავლობაში.”

“იმის გამო, რომ FLASHMOB-ზე მომუშავე სტუდენტთა ჯგუფს ტელეკომპანია „იმედმა“  არ შეუსრულა არც ერთი დაპირება  ხმების ახლიდან გადათვლასა და სიტუაციაში გარკვევასთან დაკავშირებით, კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ერთვება FLASHMOB-ის ფინალის სამართლიანი შედეგის დადგენის პროცესში და მიმართავს როგორც ტელეკომპანია „იმედს“,  ასევე მობილურ სატელეფონო კავშირის ქსელ „მაგთის“, რომ საჯარო გახადოს SMS შეტყობინებების რაოდენობა და არსებული ხარვეზები.”

ადმინისტრაციის განცხადებით, მათ არ აქვთ უფლება,  არ დაიცვან კავკასიის უნივერსიტეტის იმ ათასობით სტუდენტის ინტერესი, რომლებიც პროექტის დაწყების დღიდან ჩართულნი იყვნენ FLASHMOB-ის მომზადების პროცესში და აქტიურად გულშემატკივრობდნენ საკუთარ უნივერსიტეტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი