ახალი ამბები

ივანიშვილი: სანიკიძე არ იყო ცუდი მინისტრი, მაგრამ უკეთესის ძიების პროცესში შეცვალა პრემეირმა

7 ივნისი, 2016 • 1484
ივანიშვილი: სანიკიძე არ იყო ცუდი მინისტრი, მაგრამ უკეთესის ძიების პროცესში შეცვალა პრემეირმა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას მთავრობაში რამდენიმე დღის წინ განხორციელებულ ცვლილებას, განათლების მინისტრის პოზიციაზე თამარ სანიკიძის ნაცვლად ალექსანდრე ჯეჯელავას დანიშვნას დადებითად აფასებს:

“ერთადერთი მინისტრი, ვინც განაახლა, განათლების მინისტრი, ესეც ნიშანდობლივია. განათლების მინსიტრი, ვთქვათ, სანიკიძე არ იყო ცუდი მინისტრი, მაგრამ უკეთესის ძიების პროცესში ახალი მინისტრი მოიყვანა პრემიერმა. ამითაც აქ ხაზი ესმება იმას, რომ კარგად აქვს გუნდს გაცნობიერებული, რომ მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას შეუძლია წარმატებას მიაღწიოს, სწორი გზით წაიყვანოს ქვეყანა და, რა თქმა უნდა, ამაზე უნდა დაიხარჯოს შესატყვისი რესურსი. ჩემი საყვარელი ადამიანი, ვანო კიღურაძე, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, 79 წლისაა დღეს, სულ მეუბნებოდა, პრემიერობის დროსაც, ახლაც- აბა, ნახე, ბიუჯეტში რამდენი პროცენტი იყოფა განათლებაზე და მოჰყავს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები. ამით გვინდა, რომ ჩვენ განათლებული ქვეყანა გავხდეთ?”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის განცხადებით, ახალ ბიუჯეტში პრიორიტეტი განათლება უნდა გახდეს.

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ტელევიზიების ჟურნალისტებს ტექნოპარკში ხვდება და მათ შეკითხვებს პასუხობს.

გიორგი კვირიკაშვილმა 3 ივნისს განათლების ახალ მინისტრად ალექსანდრე ჯეჯელავა დანიშნა.

პრემიერ-მინისტრს არ განუმარტავს საკადრო ცვლილებების მიზეზი,  თუმცა აღნიშნა, რომ თამარ სანიკიძე არ ტოვებს “ქართული ოცნების” გუნდს და ახლო მომავალში ექნებათ საუბარი “მის ახალ მანდატზე, რომელიც იქნება ძალიან მნიშნელოვანი”.

თამარ სანიკიძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრად 2013 წელს დანიშნეს, როცა მისი წინამორბედი, გიორგი მარგველაშვილი  პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი