ახალი ამბები

ვინ ფლობს ქართულ ტელეარხებს

29 დეკემბერი, 2011 • • 2339
ვინ ფლობს ქართულ ტელეარხებს

“ტელეკომპანია საქართველოს” 100%-იანი წილი ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორულ ზონაში, დარეგისტრირებული კომპანია ”დენალ იუნონიონისგან” რამდენიმე დღის წინ შეიძინა მცხეთა-თიანეთის გუბერნატორის ძმამ, იაგო ჩოჩელმა.

ნასყიდობის ხელშეკრულება ”დენალ იუნიონის” წარმომადგენელ დავით ბენიძესა და იაგო ჩოჩელს შორის 2011 წლის 6 დეკემბერსაა გაფორმებული. მცხეთა-თიანეთის გუბერნატორის ძმამ ტელეკომპანიის 100%-ანი წილი შეისყიდა, თუმცა თანხა გასაიდუმლოებულია. ”ტელეკომპანია საქრთველოს” დირექტორია თამარ სტეფანიშვილი.

იაგო ჩოჩელი ”ტელეკომპანია საქართველოს” გარდა ფლობს შოკოლადის მწარმოებელი კომპანია ”ბარამბოს” 66%-ს და ამავე კომპანიის ხელმძღვანელიც სწორედ ის არის.

”ტელეკომპანია საქართველოს” მფლობელის მსგავსად, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულმა კომპანიებმა – ”დექსონ ლიმითედმა” და ”ჩემექსიმ ინტერნეშენალმა”– სწორედ 2011 წლის 6 დეკემბერს გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულება ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ის” ახალ მფლობელებთან.

გარიგების შედეგად, ”რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი გიორგი გეგეშიძე ტელეკომპანიის  10%–ან წილს ფლობს, ხოლო 90%–ან წილს – ლევან ყარამანიშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან დაახლოებული პირია. გეგეშიძე და ყარამანიშვილი ანალოგიურად ინაწილებენ წილებს ტელეკომპანია “მზე”–ში.

აღნიშნულ გარიგებამდე ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია “დეგსონ ლიმითედი” “რუსთავი 2″–ში 70%–ს, ხოლო “მზეში” 55%–ან წილს ფლობდა, შპს “ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” კი “რუსთავი 2″–ში 30%–ან წილს, ხოლო “მზეში” 45%–ან წილს ფლობდა.

თავის მხრივ, შპს “ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” 100%–ან წილს მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია შპს “ჩემექსიმ ინტერნეშენალი” ფლობდა.

2011 წლის 27 დეკემბრით თარიღდება ბოლო ინფორმაცია ტელეკომპანია ”იმედის” მფლობელების შესახებ საჯარო რეესტრში და ის ასე გამოიყურება: 45%–ანი წილი – გიორგი არველაძე, 30%–ანი წილი – გიორგი კორახაშვილი, 15%–ანი წილი გიორგი მიქელაძე და 10%–ანი წილი – ჯოზეფ ქეი.

27 დეკემბრამდე შპს „ტელეიმედის“ 100%–ანი წილის მფლობელი შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ იყო, რომლის 90%–ან წილს პანამაში რეგისტრირებული კომპანია „რააქ ჯორჯია ჰოლდინგი“ ფლობდა, ხოლო 10%–ან წილს ჯოზეფ ქეი.

2011 წლის 22 ნოემბერს გიორგი არველაძე, როგორც „რააქ ჯორჯია ჰოლდინგის“ წარმომადგენელი, უფორმებს ნასყიდობის ხელშეკრულება საწესდებო წილის 45%–ის ყიდვის თაობაზე საკუთარ თავს, როგორც ფიზიკურ პირს. გადახდილი ფასის თაობაზე ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გასაჯაროება დაუშვებელია.

გიორგი არველაძე საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი და პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული პირია. რაც შეეხება ”ტელეიმედის” სხვა მეწილეებს, გიორგი კორახაშვილი მომღერალ ნინო ჩხეიძის მეუღლე და კომპანია ”ალგორითმის” პრეზიდენტია, ჯოზეფ ქეი კი ტელეკომპანიის პირველი მფლობელის, ბადრი პატარკაციშვილის ნათესავი. ”ტელეიმედი” სწორედ მის ხელში აღმოჩნდა პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ. გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახი წლების მანძილზე ცდილობდა ტელეკომპანია დაებრუნებინა, თუმცა საბოლოოდ ხელისუფლებასთან მორიგდა და პატარკაციშვილის სხვა ბიზნესების სანაცვლოდ ოჯახმა ტელეკომპანია დათმო.

სხვა ტელეკომპანიების მსგავსად,  2011 წელს შეიცვალა ”რეალ ტვ-ს” მფლობელიც. 2011 წლის მარტიდან „რეალ ტვ“–ის 100%–ანი წილი ია პაიჭაძემ უსასყიდლოდ გადასცა ლია დოლიძეს.

2011 წლის მიწურულამდე ტელკომპანიების დიდი ნაწილის მფლობელი კომპანიები ოფშორულ ზონებში იყვნენ დარეგისტრირებული და მათ უკან მდგარი რეალური პიროვნებების იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, თუმცა საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის აპრილში მიიღო მედიაგამჭვირვალობის გაძლიერების საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც, ერთი მხრივ, აკრძალა სამაუწყბელო ლიცენზიის ფლობა ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული პირებისთვის და მეორე მხრივ, ყველა მაუწყებელს დაევალა, 2012 წლის 1 იანვრამდე შეავსოს შესაბამისობის დეკლარაცია, კერძოდ, სამაუწყებლო კომპანიებმა დამფუძნებლების და მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია საჯარო უნდა გახადონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი