ახალი ამბები

არასამთავრობოები პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენებას თხოვენ

28 დეკემბერი, 2011 •
არასამთავრობოები პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენებას თხოვენ

ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”, საია, სამართლიანი არჩევნები და “გამჭვირვალობა საქართველო” პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საარჩევნო კანონებთან დაკავშირებით პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენებას თხოვენ.

არასამთავრობოები მიმართავენ  საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რათა არ დაუშვას საქართველოს კონსტუტუციით გარანტირებული და საერთაშორისო სამართლით აღიარებული უმნიშვნელოვანესი პრინციპის დარღვევა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტუტუციური მექანიზმი და ხელმოსწერად გადაცემული კანონპროექტები მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს საქართველოს პარლამენტს.

ეს განცხადება არასამთავრობოებმა 28 დეკემბერს გააკეთეს.

მათი განცხადებით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ჩანაწერი უკუგების პრინციპზე ეწინააღმდეგება კონსტუტუციის 42–ე მუხლს, რომლის თანახმადაც, არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისთვის, “რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდაღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს, ან აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს”.

საუბარია კობა ხაბაზის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტში შეტანილ და უკვე დამტკიცებულ ინიციატივაზე უკუგების შესახებ. ამ ცვლილების მიხედვით, პოლიტიკურმა პარტიებმა  უნდა დაუბრუნონ ფულის გამცემს ისეთი გაუხარჯავი თანხები, რომლებიც მათ მანამ მიიღეს ამა თუ იმ იურიდიული პირისგან, ვიდრე კანონი დააწესებდა შეზღუდვას იურიდიული პირებისგან დაფინანსების მიღების აკრძალვაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, ასევე, დარღვეულია ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 24–ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს, ან ამძიმებს პასუხისმგებლოაბს, უკუძალა არ აქვს.

არასამთავრობოების აზრით,  მიღებული კანონის 26–ე პრიმა  მუხლი თავისი არსით ზღუდავს გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას.

ასევე, მიუღებლად მიაჩნიათ მიღებული საარჩევნო კანონებიდან გამომდინარე
სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები,  რომელიც, არასამთავრობოების აზრით, “არაგონივრულად და არაპროპორციულად მკაცრ სასჯელს აწესებს იმ ამომრჩევლებისათვის, რომლებიც პოლიტიკური მიზნებით მოქმედ პირებს მომსახურებით, ან მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის თხოვნით მიმართავენ, ან მათგან მსგავს მომსახურებას მიიღებენ”.

არასამთავრო ორგანიზაციები საგანგებოდ მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც 28 დეკემბერს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონი “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” და შევიდა ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში. დღეს დამტკიცებული კანონები ძალაში მას შემდეგ შედის, რაც მათ ხელს პრეზიდენტი მოაწერს და გამოქვეყნდება. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმოამდგენლები პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენების თხოვნით მიმართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი