ახალი ამბები

ოთხი პარტია ვალდებული გახდა, ივანიშვილის კომპანიებს თანხები დაუბრუნოს

28 დეკემბერი, 2011 • 1087
ოთხი პარტია ვალდებული გახდა,   ივანიშვილის კომპანიებს თანხები დაუბრუნოს

დღეს დამტკიცებული კანონის მიხედვით, ოთხი ოპოზიციური პარტია ვალდებული იქნება, დაუბრუნოს ფული ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ჯგუფს”, თუკი მათ  არ გაუხარჯავთ პარტიების ანგარიშებზე ჩარიცხული თანხა.

ამას პარტიებს დაავალდებულებს დღეს მესამე მოსმენით დამტკიცებული კანონი, რომლის ძალაში შესვლიდან სამი დღის განმავლობაში პარტიებმა იურიდიული პირებისგან ამ კანონის ამოქმედებამდე გადარიცხული თანხები უნდა დაუბრუნონ თანხის გამცემს, თუკი თანხა არა აქვთ გახარჯული კანონის ძალაში შესვლამდე.

ხოლო აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა მიიქცევა სახელმწიფოს საკუთრებაში.

23 დეკემბერს პროკურატურამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თავისუფალმა დემოკრატებმა, რესპუბლიკურმა პარტიამ, ხალხის პარტიამ, კონსერვატულმა პარტიამ შემდეგი დაფინანსება მიიღეს. ცნობილი არ არის, გახარჯული აქვთ თუ არა პარტიებს ეს თანხები.  დეპუტატ გია ცაგარეიშვილის მოთხოვნით პროკურატურას პარლამეტისთვის უნდა მიეწოდებინა ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე იურიდიული პირებისგან ჩარიცხული თანხების შესახებ ინფორმაციაც, თუმცა პარლამენტში ეს მოსმენა გადაიდო და აღარ გამართულა.

კანონი, რომლის მიხედვითაც პარტიებს გაუხარჯავი თანხის დაბრუნება ევალებათ, ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.

ოპოზიციური პარტიების დაფინანსების შესახებ მონაცემები კი ასეთია:

პოლიტიკური გაერთიანება “თავისუფალი დემოკრატების” დაფინანსება: 100-100 000 ლარი მიიღეს ბანკი “ქართუსგან”; სს “ქართუ ჯგუფისგან”; შპს “ფინსერვისისგან”; შპს “ინტერკონსტალტინგი პლუსისგან”; შპს “ელიტა ბურჯისგან”; შპს “ქართული მენეჯმენტისგან”; შპს “ქართული ჰოლდინგისგან”, ხოლო დეკემბერში “თავისუფალმა დემოკრატებმა” 100 000-100 000 ლარი შპს “კალა კაპიტალის” და შპს “კოლხეთისგან” მიიღეს.

პოლიტიკური გაერთიანება “ხალხის პარტიის” დაფინანსება მიღებული აქვს შემდეგი კომპანიებიდან: სს “ბანკი ქართუ” – 100 000 ლარი; შპს “ფინსერვის-21” – 100 000 ლარი; შპს “ფინსერვისი” – 100 000 ლარი; შპს “ელიტა ბურჯი” – 100 000 ლარი, შპს “ქართუ ჯგუფი” – 100 000 ლარი; შსპ “ქართუ მენეჯმენტი” – 100 000 ლარი; შპს “ინტერკონსალტინგი პლუსი” – 100 000 ლარი; შპს “კალა კაპიტალი” – 100 000 ლარი, შპს “კოლხეთი” – 100 000 ლარი;

“კონსერვატიული პარტია” – შპს “კომპლექს-სერვისი” – 100 000 ლარი; სს ბანკი “ქართუ” – 100 000 ლარი; შპს “ბურჯი” – 100 000 ლარი; სს “ქართუ ჯგუფი” – 100 000 ლარი; შპს “ფინსერვისი” – 100 000 ლარი; შპს “ინტერკონსალტინგი პლუსი” – 100 000 ლარი; შპს “ქართუ მენეჯმენტი” – 100 000 ლარი; შპს “ელიტა ბურჯი” – 100 000 ლარი; შპს “ფინსერვისი-21” – 100 000 ლარი; შპს “კოლხეთი” – 100 000 ლარი; შპს “კალა კაპიტალი” – 100 000 ლარი. “კონსერვატიულმა პარტიამ” აღნიშნული დაფინანსება მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღო.

“საქართველოს რესპუბლიკურ პარტია” – მათ მიმდინარე წლის ნოემბერში მიიღეს – სს “ბანკი ქართუდან” – 100 000 ლარი; შპს “ბურჯი” – 100 000 ლარი; შპს “კომპლექსერვისი” – 100 000 ლარი; სს “ქართუ ჯგუფი” – 100 000 ლარი; შპს “ბურჯი” 100 000 ლარი; შპს “ფინსერვისი” – 100 000 ლარი; შპს “ინტერკონსტალტინგი პლუსი” – 100 000 ლარი; შპს “ელიტა ბურჯი” – 100 000 ლარი; შპს “ქართუ მენეჯმენტი” – 100 000 ლარი, შპს “ქართული ჰოლდინგი” – 100 000 ლარი. რაც შეეხება “რესპუბლიკური პარტიის” მიერ დეკემბერში მიღებულ დაფინანსებას; მათ მიმდინარე წლის დეკემბრში შპს “კალა კაპიტალისგან” და შპს “კოლხეთისგან” 100 000-100 000 ლარი მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი