”რესპუბლიკური პარტიის” წევრი თინა ხიდაშელი პარლამენტის მიერ დღეს, 28 დეკემბერს, მიღებულ კანონს პარტიების დაფინასებასთან დაკავშირებით, ”საკანონმდებლო ძალადობას” უწოდებს, კობა დავითაშვილი კი მის გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში გეგმავს.
”როცა გუშინ ხაბაზის ინიციატივა მოვისმინე, ვთქვი, რომ ეს მხოლოდ ერთი ადამიანის შიზოფრენია იყო. როგორც ჩანს, მთელი პარლამენტი ასეთი შიზოფრენიით არის დაავადებული, რაც სამწუხაროა. ასეთი კანონის მიღება საკაშვილის გარეშე არ ხდება, რაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით. იმედია, ამის ილუზია არავის არა აქვს. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს კაცი ყველაფერზე წამსვლელია და კონტროლი დაკარგული აქვს. შიში იმდენად ძლიერია, რომ მას უკვე რამის რაციონალურად განსჯის უნარი არა აქვს. ბუნებრივია, ეს გამოწვევა უნდა მივიღოთ, მაგრამ ასე ადვილად არ უნდა შევეგუოთ იმ საკანონმდებლო ძალადობას, რომლითაც დაკავებულია ხელისუფლება,” – განუცხადა თინა ხიდაშელმა ”ნეტგაზეთს”. მისი თქმით, იმ თანხის ნაწილი, რომელიც ”რესპუბლიკურმა პარტიამ” ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდებისგან მიიღო, შესაძლოა, დახარჯულიც იყოს.
”ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი ამბობს, რომ ის კანონს დაემორჩილება, თუმცა მას აუცილებლად გაასაჩივრებს საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგან ეს კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
”თავისუფალი დემოკრატების” პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
დღეს დამტკიცებული კანონის მიხედვით, ოთხი ოპოზიციური პარტია ვალდებული იქნება, დაუბრუნოს ფული ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ჯგუფს”, თუკი მათ არ გაუხარჯავთ პარტიების ანგარიშებზე ჩარიცხული თანხა.
ამას პარტიებს დაავალდებულებს მესამე მოსმენით დღეს დამტკიცებული კანონი, რომლის ძალაში შესვლიდან სამი დღის განმავლობაში პარტიებმა იურიდიული პირებისგან ამ კანონის ამოქმედებამდე გადარიცხული თანხები უნდა დაუბრუნონ თანხის გამცემს, თუკი თანხა არა აქვთ გახარჯული კანონის ძალაში შესვლამდე.
”თავისუფალმა დემოკრატებმა,” ”ხალხის პარტიამ,” ”რესპუბლიკურმა პარტიამ” და კონსერვატორებმა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდებიდან ჯამში 4 მილიონ ლარზე მეტი თანხა მიიღეს.