ახალი ამბები

ხიდაშელი: ივანიშვილი იქნება ჩვენი საარჩევნო სიის პირველი ნომერი

28 დეკემბერი, 2011 • 1109
ხიდაშელი: ივანიშვილი იქნება ჩვენი საარჩევნო სიის პირველი ნომერი

“სააკაშვილის შიშების კანონი” – ასე უწოდებს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ–ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონპროექტში შესატან ცვლილებებს, რომელიც დღეს უნდა მიიღოს პარლამენტმა და რომლითაც იცვლება პარტიების დაფინანსების წესი.

“ეს ცვლილება პირდაპირ უკავშირდება პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას. სააკაშვილის შიშების კანონს ვუწოდებ მე ამას იმიტომ, რომ ეს არის მისი უკანასკნელი გაბრძოლება, რაიმენაირად ხელი შეუშალოს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზეე აქტიურ მონაწილეობას, მაგრამ 2012 წელს განვითარებული მოვლენები მოგვცემს ცალსახად იმ რეალობას, რომ სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური დასასარული დადგება”, – აცხადებს ხიდაშელი.

კანონპროექტის შესაბამისად, იურიდიულ პირებს პარტიის დაფინანსება ეკრძალებათ, ფიზიკური პირებს კი შეეძლებათ, 30 ათასის ნაცვლად ამა თუ იმ პარტიას 60 ათასი ლარი შესწირონ. პარტიის მიერ წლის განმავლობაში მიღებული სახელმწიფო დაფინანსება, შემოწირულობებისა და სხვა კანონით დაშვებული ფორმით მიღებული შემოსავლის ჯამური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ოფიციალურად გამოქვეყნებულ წინა წლის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2 %-ს.

პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა კობა ხაბაზმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამკაცრებასთან დაკავშირებული კანონმდებლობისთვის უკუძალის მინიჭება ითხოვა. კერძოდ, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც იურიდიული პირებისაგან თანხა უკვე მიიღეს, რაც, მისივე თქმით, არჩევნებისთვის არის აკუმულირებული, ამ თანხის გამოყენების საშუალება არ უნდა მიეცეთ. ხაბაზი პარლამენტს იმ მექანიზმების შემუშავებას სთავაზობს, რომლის საფუძველზეც რიგი პოლიტიკური პარტიების ანგარიშებზე გადარიცხული თანხა მათ მფლობელს უკან დაუბრუნდება, ხოლო ეს პარტიები ჯერ კიდევ არმიღებულ ახალ საკანონმდებლო შეზღუდვებს დაექვემდებარებიან.

რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ წარმოადგინა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიმდინარე წლის ნოემბერ–დეკემბერში ოთხი პარტია – “თავისუფალი დემოკრატები”, “ხალხის პარტია”, “კონსერვატიული პარტია”  და “რესპუბლიკური პარტია”– ერთი და იგივე 11 კომპანიისგან ფინანსდებოდნენ, მათ შორის იყო ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიები. ჯამში, აღნიშნულ პარტიებს ამ პერიოდში 4 მილიონ 100 ათასი ლარი აქვთ მიღებული.

კობა ხაბაზის ინიციატივაზე, რომ უკუძალის პრინციპით ეს თანხები პარტიებმა უკან დააბრუნონ, თინა ხიდაშელის პასუხი ასეთია:

“ძალიან მიჭირს ამაზე სერიზული კომენტარის გაკეთება, რადგან ამ ადამიანს წარმოდგენა არა აქვს, რას ნიშნავს კანონი და უკუქცევითი ძალა, მაგრამ თუ სერიოზულად გინდათ გაგცეთ პასუხი, მაშინ გვითხრას ხელისუფლებამ თარიღი, საიდან უნდა განხორციელდეს ამ კანონის ამოქმედება – მიმდინარე წლის  7 ოქტომბრიდან [როცა ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში – ავტ.], თუ 2005 წლიდან? თუკი 2005 წლიდან, ასეთ შემთხვევაში “ნაციონალურ მოძრაობას” გაცილებით მეტი თანხის დაბრუნება მოუწევს უკან”.

ხიდაშელის თქმით, მათი პოლიტიკური გაერთიანება ყველა პირობას შექმნის იმისთვის, რომ 2012 წლის არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, იმის მიუხედევად, რომ საარჩევნო კოდექსში ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები.

“რეპუბლიკური პარტიის” ერთ–ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ მათი საარჩევნო გაერთიანების სიის პირველი ნომერი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთის ბიძინა ივანიშვილი იქნება, რისი წინაპირობაც, ხიდაშელის თქმით, გუშინდელი მოვლენების შედეგად უფრო რეალისტური გახდა.

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა ივანიშვილის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს, ხოლო თავად ივანიშვილს – არა. ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ ალტერნატიული სამოქმედო გეგმა აქვთ, რომლითაც მიაღწევენ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას. საქართველოს მოქალაქეობის მიღება აუცილებელია იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეძლოს, როგორც საარჩევნო სუბიექტმა, არჩევნებში მონაწილეობა და როგორც ფიზიკურმა პირმა, მისი პარტნიორი პარტიების დაფინანსება.

მასალების გადაბეჭდვის წესი