ახალი ამბები

ომბუდსმენი: ივანიშვილის მოქალაქეობაზე საქმის წარმოება შევწყვიტეთ

27 დეკემბერი, 2011 • 942
ომბუდსმენი: ივანიშვილის მოქალაქეობაზე საქმის წარმოება შევწყვიტეთ

“კანონდარღვევა არ დადგინდა სახალხო დამცველის მიერ, როდესაც შეისწავლა ბატონი ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის გადაწყვეტილება,” – აცხადებს გიორგი ტუღუში “ნეტგაზეთთან” საუბარში.

საქართველოს სახალხო დამცველი ამბობს, რომ საქმის წარმოება ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხზე შეწყვიტა და შესაბამისად, არც რაიმე რეკომენდაციით მიუმართავს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის.

გიორგი ტუღუშმა ჯერ კიდევ 4 ნოემბერს გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ მან 20 ოქტომბერს საკუთარი ინიციატივით დაიწყო ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხის შესწავლა.

იმავე განცხადებაში ომბუდსმენის ოფისმა მიუთითა, რომ საქმის შესწავლის დასრულებისთანავე გავრცელდებოდა საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა გიორგი ტუღუშის ოფიციალური განცხადება– ისიც მხოლოდ ეკატერინე ხვედელიძის საქმესთან დაკავშირებით– მხოლოდ დღეს, მას შემდეგ გავრცელდა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი.

სახალხო დამცველის ოფისის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გიორგი ტუღუშმა ჯერ კიდევ 18 ნოემბერს მიმართა საქართველოს პრეზიდენტს რეკომენდაციით, რომ ძალადაკარგულად გამოეცხადებინა 11 ოქტომბერს გამოცემული #602 ბრძანებულება, რომლითაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა ეკატერინე ხვედელიძეს.

”რაც შეეხება იმას, თუ რატომ გახდა საჯარო დღეს ჩემი რეკომენდაცია, ნოემბრის თვეში მე მქონდა შეხვედრა ბატონ ბიძინას ადვოკატთან, ეკა ბესელიასთან, სადაც მე მას გავაცანი ჩვენი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე, გადავეცი რეკომენდაციის ასლი, რომლითაც მე მივმართე პრეზიდენტს. თუმცა იმის გამო, რომ სასამართლო განხილვა მიმდინარეობდა, მე სურვილი არ მქონდა, რომ ომბუდსმენის პოზიცია რომელიმე მხარეს გამოეყენებინა ვინმესთვის საზიანოდ. აქედან გამომდინარე, მე დაველოდე სასამართლო გადაწყვეტილებას და მხოლოდ მას შემდეგ გავასაჯაროვე ადრე გაგზავნილი რეკომენდაცია”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გიორგი ტუღუშმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ეკატერინე ხვედელიძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე. ივანიშვილთან დაკავშირებით კი სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ მის მიერ საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი