ახალი ამბები

სასამართლოს განცხადება ივანიშვილ-ხვედელიძის მოქალაქეობის საქმეზე

27 დეკემბერი, 2011 • • 1029
სასამართლოს განცხადება ივანიშვილ-ხვედელიძის მოქალაქეობის საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახური დღეს, 27 დეკემბერს, ავრცელებს პირველ განცხადებას ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის მოქალაქეობის საქმესთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა არაკანონიერი იყო, ხოლო ივანიშვილის შემთხვევაში არსებობდა საკმარისი სამართლებრივი საფუძველი.

”სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მიერ საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღება წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის კანონისმიერ საფუძველს, რადგან  ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას,” – წერია სასამართლოს განცხადებაში, ”-ეკატერინე ხვედელიძესთან დაკავშირებით კი სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების დროს იგი უკვე იყო როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის ფაქტის მოგვიანებით  შეტყობა სამართლებრივად ვერ გაუთანაბრდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ ეკატერინა ხვედელიძის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას და ამდენად, ბიძინა ივანიშვილისაგან განსხვავებით, ეკატერინე ხვედელიძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა არ შეესაბამება კანონმდებლობას.”

თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მართებულად არ მოხდა ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის ინფორმირება და მათი აღნიშნულთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა, რადგან ამგვარი ვალდებულება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტს კანონმდებლობით არ გააჩნიათ.

თბილისის საქალაქო სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების  გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა)თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. #6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ეკატერინე ხვედელიძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში, ხოლო ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.  მოსარჩელეები მოითხოვდნენ პრეზიდენტის იმ ბრძანებულების ბათილად ცნობას, რომლითაც მათ  საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილის გასაჩივრებას აპირებენ, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი