ახალი ამბები

სასამართლომ ივანიშვილისთვის მოქალაქობის გაუქმება კანონიერად სცნო

27 დეკემბერი, 2011 •
სასამართლომ ივანიშვილისთვის მოქალაქობის გაუქმება კანონიერად სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.

კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზდენტის #602 ბრძანებულების ის ნაწილი იქნა ბათილად ცნობილი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს.

სასამართლომ ძალაში დატოვა პრეზიდენტის ბრძანებულების ნაწილი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეობა ჩამოერთვა ბიძინა ივანიშვილს. ამასთან ორივეს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ პრეზიდენტის ერთი ბრძანებულება გამოიცა.

სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტს დააკისრა 100–ლარიანი ბაჟის გადახდა.

ივანიშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მოსამართლე შოთა გეწაძე, რომელმაც გადაწყვეტილება გამოიტანა, სამართლიანი იყო ეკა ხვედელიძესთან დაკავშირებით.  რაც შეეხება სარჩელის ივანიშვილის ნაწილს, ბესელიას მიაჩნია, რომ მოსამართლემ ვერ გაუძლო პოლიტიკურ ზეწოლას და ივანიშვილთან დაკავშირებით ვერ გამოიტანა სამართლიანი გადაწყვეტილება.

ივანიშვილის კიდევ ერთი ადვოკატის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ისინი მას შემდეგ გაასაჩივრებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას  ივანიშვილთან დაკავშირებით, რაც 14–დღიან ვადაში მიიღებენ სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებას- სარეზოლუციო ნაწილს. ამასთან, ქუცნაშვილის თქმით, ისინი აპირებენ აამოქმედონ სათადარიგო გეგმა, რათა ივანიშვილმა მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. ქუცნაშვილს  არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობენ სათადარიგო გეგმაში.


მასალების გადაბეჭდვის წესი