როსტომ მეფის სასახლესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების პრეტენზიებს თბილისის მერიის პრესსპიკერი ბაჩო დოლიძე გამოეხმაურა და მერიის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს და პრეტენზიებს გასაკვირი და გაუგებარი უწოდა.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა გუშინ, 26 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილება როსტომ მეფის სასახლის მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით.
ადვოკატებმა – არჩილ კბილაშვილმა და ეკა ბესელიამ– საჩივარი თბილისის მერიაში იმის გამოც შეიტანეს, რომ ზედამხედველობის სამსახურმა როსტომ მეფის სასახლე ექსპლუატაციაში არ მიიღო. ივანიშვილის ადვოკატები უახლოეს დღეებში კიდევ ერთ სარჩელს ამზადებენ და სასამართლოში მოითხოვენ, ”ქართუ ჯგუფის” კუთვნილი შენობიდან გამოასახლონ იქ შესახლებული პირები. საჩივარი მზადდება პოლიციელების წინააღმდეგაც, რომელთაც ივანიშვილის მხარე უმოქმედობაში ადანაშაულებს.
ივანიშვილის ადვოკატები თბილისის მერიას როსტომ მეფის სასახლისთვის პრობლემების სპეციალურად შექმნაში ადანაშაულებენ, რაც, მათი აზრით, პოლიტიკური მოტივით არის განპირობებული.
დედაქალაქის მერიის პრესსპიკერის, ბაჩო დოლიძის თქმით, როსტომ მეფის სასახლესთან დაკავშირებით მერია ყველანაირად შეეცადა, ხელი შეეწყო ინვესტორისათვის. ის ამბობს, რომ მერია ახორციელებს ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამას და ყველა იმ სუბიექტს მიესალმება, რომელიც ჩართულია ამ პროგრამაში. ინვესტიციებისათვის დახმარებას და ხელშეწყობას ცდილობს თბილისის მერია. ბაჩო დოლიძემ აღნიშნა, რომ წერილი არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო შეტანილი მერიაში, რითაც ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებას ითხოვდნენ.
ამასთან, დოლიძის განმარტებით, ხარვეზებით იყო შესრულებული აღნიშნული პროექტი.
“გამომდინარე იქიდან, რომ ვიცოდით, რამდენად მნიშვნელოვანი კომპანიები შედიოდნენ აღნიშნულ ბიზნესცენტრში და ვიცოდით, რომ მათი ოპერირება საქართველოს ბაზარზე მნიშვნელოვანი იყო, მივეცით მათ მაქსიმალური შანსი და ხელი შევუწყეთ, პროცესი არ შეჩერებულიყო. მივეცით საშუალება, ხარვეზები გამოესწორებინათ, არ შეჩერებულიყო სამუშაოები და წერილი უფლებამოსილი პირის მიერ შემოსულიყო. ყველაფრის გაკეთებას ვცდილობდით და ბრალდებები უსაფუძვლოა. პირიქით, მივეცით შესაძლებლობა, რომ მათ განეხორციელებინათ აღნიშნული პროექტი”, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
როსტომ მეფის სასახლე თბილისში, ერეკლე მეორის მოედანზე, #3-ში მდებარეობს. ის ექსპლუატაციაში სექტემბრის თვეში უნდა შესულიყო, თუმცა, შესაბამისი ნებართვა მერიამ არ გასცა. აღნიშნულ ობიექტში გახსნის შემდეგ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიების, ასევე მოძრაობა ”ქართული ოცნების” ოფისი უნდა განთავსებულიყო.
ამავე თემაზე:







