შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ტყიბულის პოლიციის უფროს ზაზა ჩუბინიძესა და ზესტაფონის პოლიციის უფროს პავლე ბუბულაშვილს შორის კონფლიქტის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე და აცხედებს, რომ ორივე მათგანი დაითხოვეს შს ორგანოებიდან.
“შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შეეფარდა დისციპლინური სახდელი – თანამდებობიდან ჩამოქვეითება: ხოლო შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს გამოეცხადა შენიშვნა. ეს უკანასკნელი, ასევე, ჩამოქვეითებულია თანამდებობიდან”, – აცხადებენ შსს-ში
შეგახსენებთ, რომ 30 მაისს kutaisitoday.com-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციის უფროსებმა ერთმანეთს ხელკეტებით სცემეს: “ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ზესტაფონის სამმართველოს უფროსმა პავლე ბუბულაშვილმა და ტყიბულის სამმართველოს უფროსმა ზაზა ჩუბინიძემ ერთ –ერთ რესტორანში შელაპარაკების ნიადაგზე ერთმანეთი ხელჯოხებით სცემეს. დამტვრეულია ავეჯი და რესტორნის ინვენტარი. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე რამდენიმე გასროლაც მოხდა”, – წერს გამოცემა.
ცემის ფაქტს უარყოფენ შსს-ში:
“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კონფლიქტის დროს პოლიციის აწ უკვე ყოფილ თანამშრომლებს შორის მოხდა მხოლოდ სიტყვიერი და არა ფიზიკური დაპირისპირება, მით უფრო, ნივთის (როგორც მედიასაშუალებით გაჟღერდა – ხელკეტის) გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. ამას ადასტურებს შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების დროს დაკითხულ პირთა აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის, თვითმხილველები და მოწმეები. გამოკითხულია ასევე ჟურნალისტი იმერეთის რეგიონიდან, რომელმაც პირველად გაავრცელა აღნიშნული ინფორმაცია. ფაქტის (ხელკეტების გამოყენება) სარწმუნოობას ვერც იგი ადასტურებს”, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
