ახალი ამბები

სასამართლო ჟურნალისტების სარჩელზე განაჩენს დღეს გამოაცხადებს

26 დეკემბერი, 2011 • • 1508
სასამართლო ჟურნალისტების სარჩელზე განაჩენს დღეს გამოაცხადებს

დღეს, 26 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თეა თადაშვილი გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას იმ სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც ჟურნალისტებმა შსს-ს წინააღმდგ შეიტანეს 26 მაისს აქციის დაშლისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

საქმის განხილვა 12 დეკემბერს დასრულდა. ბოლო სასამართლო პროცესზე შსს–ს წარმომადგენელმა გამოთქვა მზადყოფნა, “ნეტგაზეთის” რეპორტიორებს სრულად აუნაზღაუროს 26 მაისის აქციის დაშლის დროს მიყენებული ჯანმრთელობის და მატერიალური ზიანი.

“ნეტგაზეთის” რეპორტიორებს – კონსტანტინ სტალინსკისა და თამაზ კუპრეიშვილს– შსს მკურნალობის ხარჯებს აუნაზღაურებს, რაც მათ 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლის დროს მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო გაიღეს, ხოლო შპს გაზეთ ”ბათუმელებს” იმ ვიდეოკამერების ღირებულებას აუნაზღუარებენ, რომლებიც მათ შსს–ს წარმომადგენლებმა წაართვეს აქციის დაშლის დროს.

ასევე, 12 დეკემბრის პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტრო  დათანხმდა, ჯანმრთელობის ზიანი აუნაზღაუროს “გურია ნიუსის” ჟურნალისტს ნატო გოგელიას, რომელიც 26 მაისის აქციის დაშლის დროს დაშავდა, ხოლო “მედიაპალიტრას” იმ ფლიპკამერის ღირებულებას გადაუხდის, რომელიც აღნიშნული კომპანიის რეპორტიორს, დარეჯან პაატაშვილს წაართვეს.

ადმინისტრაციული სარჩელის მიხედვით, რომელიც 26 მაისს დაზარალებულმა ჟურნალისტებმა და მედიაორგანიზაციებმა შსს–ს წინააღმდეგ შეიტანეს, მოსარჩელეები სხვა ტექნიკის (ვიდეოკამერების) ანაზღაურებასაც მოითხოვდნენ, რომლებიც ჟურნალისტებს აქციის დაშლის დროს დაუმტვრიეს. სარჩელის მთლიანი ღირებულება დაახლოებით 5000 ლარს შეადგენდა, თუმცა შსს–მ სხვა ტექნიკის ნაწილის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა, არასაკმარისად წარდგენილი სათანადო მტკიცებულებების გამო.

საქმე ამჯერად მხოლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ეხება. არაერთი განცხადების მიუხედავად, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლის ფაქტზე არ აღძრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი