ახალი ამბები

ივანიშვილის პირველი შემოწირულობა პრესისთვის

25 დეკემბერი, 2011 • 1083
ივანიშვილის პირველი შემოწირულობა პრესისთვის

“თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციამ” ბიძინა ივანიშვილის ფონდისგან პირველი გრანტი მიიღო: ”ქართუმ” ორგანიზაციას 131 070 ლარი გადაურიცხა.

როგორც “ნეტგაზეთს” ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე ჯიქიამ განუცხადა, თანხა ორგანიზაციის მატერიალურ–ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფისთვისაა გამოყოფილი:

”საუბარია ოფისის მატერიალურ–ტექნიკურ უზრუნველყოფაზე, კომპიუტერებზე, სპეციალურ ურიკებზე, რომლითაც მოხდება ნაბეჭდი პროდუქციის რეალიზაცია; ქურთუკებზე, რომელიც უკვე მივიღეთ და ნაწილი უკვე ოფისში მაქვს”.

“თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია” მიმდინარე წლის 13 დეკემბერს დააფუძნა “საქართველოს პრესის ასოციაციამ”, რასაც წინ უსწრებდა ამ უკანასკნელის წარმომადგენლების შეხვედა ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც 2 დეკემბერს შედგა.

ბიძინა ივანიშვილმა “პრესის ასოციაციის” წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი მას შემდეგ გამოთქვა, რაც აღნიშნულმა ორგანიზაციამ თბილისის მერიის “1000 ჯიხურის პროგრამა” გააპროტესტა, რამაც პრობლემები შეუქმნა დედაქალაქში პრესის გავრცელებას.

2 დეკემბერს გამართული შეხვედრის დროს ბიძინა ივანიშვილმა “პრესის ასოციაციის” წარმომადგენლებს ფულადი დახმარება შეთავაზა, რის შემდეგაც შეიქმნა “თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია”, რომელმაც უკვე მიიღო პირველი გრანტი “ქართუსგან”.

“თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის” აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ ყველა ის ფინანსური რესურსი, რომელსაც ორგანიზაცია ხარჯავს, ღია და ხელმისაწვდომი იქნება ყველა პირისთვის და ყოველთვიურად პრესაში ამის შესახებ ინფორმაცია აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ განთავსდება.

„პრესის ასოციაციის“ წევრები ამბობენ, რომ ბეჭდური მედიის გავრცელების ტექნიკური უზრუნველყოფა ხარისხიანი მოძრავი ურიკებისა და სტენდების შექმნას გულისხმობს.

„მოძრავი ტექნიკის უზრუნველყოფის გარდა, ორგანიზაცია დაეხმარება პრესის გამავრცელებლებს, ვინც ქუჩაში გამოყარეს და იყინებიან დღეს, თბილი ტანსაცმლით უზრუნველყონ. ჩვენ თავადაც დავეხმარებით, როგორც შეგვიძლია, ყველანაირად შევეცდებით, ნგრევას შენებით ვუპასუხოთ,“ – ამბობს ლაშა ტუღუში, “საქართველოს პრესის ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი და გაზეთ “რეზონანსის” მთავარი რედაქტორი.

გარდა ამისა, პრესის ასოციაციის წარმომადგენელთა თქმით, 1000–მდე ადამიანს პრესის გაყიდვის საშუალება და ადეკვატური ხელფასი ექნება.

“ქართუ” არ არის ერთადერთი დონორი, ორგანიზაციას შემოწირულობით იურიდიული და ფიზიკური პირებიც დაეხმარნენ.

”თავისუფლი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციისთვის” გამომცემლობა ”კვირის პალიტრამ” 2000 ლარი გაიღო, ხოლო ”ახალმა თაობამ”– 500 ლარი, რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში ორგანიზაციას 100 ლარით დაეხმარა, ხოლო ეთერ ყიფიანი– 10 ლარით.

ორგანიზაცია კვლავაც განაგრძობს გრანტებისა და დონორების მოძიებას. ალექსანდრე ჯიქია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბევრი დონორის მოძიება, რათა არა მხოლოდ ოფისი გაძლიერდეს ტექნიკურად, ასევე ის მიზნები შესრულდეს, რაც ორგანიზაციას აქვს დასახული.

ალექსანდრე ჯიქია “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ  პრესის მდგომარეობის გაუმჯობესება ორგანიზაციის ერთ-ერთი პროექტია და ისინი სხვა კუთხითაც დაიწყებენ აქტიურ მუშაობას:

”პრესის მდგომარეობის გაუმჯობესება ორგანიზაციის ერთი პროექტია, კიდევ რამდენიმე საქველმოქმედო პროექტზეა საუბარი, რომელსაც მოგვიანებით გავაჟღერებთ. პროექტები იქნება ადამიანის უფლებებთან, მედიასთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებული”.

წესდებიდან გამომდინარე, ორგანიზაციის პრიორიტეტული მიმართულებებია, როგორც პრესის თავისუფლად გავრცელების უზრუნველყოფა, ისე ჟურნალისტთა გადამზადება, მედიის სფეროში საკანონმდებლო ბაზის მომზადებისა და რეფორმების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვა და სხვა.

“საქართველოს პრესის ასოციაცია” 2009 წელს დააფუძნეს: ზაზა ახობაძემ (ჟურნალი “თბილისელები”), იოსებ გოგონაშვილმა (გაზეთი “ახალი თაობა”), ირაკლი თევდორაშვილმა (გაზეთი “კვირის პალიტრა”), ზურაბ მაჭარაძემ (გაზეთი “რეზონანსი”) და

ლაშა ნადარეიშვილმა (გაზეთი “ასავალ–დასავალი”). მიმდინარე წლის 7 დეკემბერს კი ასოციაციაში ახალი წევრები მიიღეს – ზაზა გაჩეჩილაძე (გაზეთი “მესინჯერი”) და მაია ფურცელაძე (გაზეთი “ვერსია”).

ამავე თემაზე:

ია ანთაძე: “პოლიტიკური ფული მედიაში ყოველთვის საშიშია”

ივანიშვილის გრანტი თბილისის პრესას

მსხვილი ბიზნესის რევანში ”1000 ჯიხურის” აუქციონზე

ივანიშვილმა შესაძლოა “პრესის ასოციაციის” პროექტი დააფინანსოს

”პრესის ასოციაცია” ივანიშვილს ხვდება

„პრესის ასოციაციის“ და ქონების მართვის სააგენტოს უშედეგო მოლაპარაკება

სოლიდარობის აქცია – “მე ვკითხულობ პრესას”

პოლიტიკური პარტიების სოლიდარობა ბეჭდურ მედიას

”საია” პრესის ჯიხურების საკითხზე გამართულ აქციას შეუერთდება

მედია „ჯიხურების აუქციონს“ აპროტესტებს

ივანიშვილი პრესის გამომცემლებს ეპატიჟება

“ერთად სიტყვის თავისუფლების დასაცავად!”

კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” სოლიდარობას უცხადებს ბეჭდურ მედიას

მასალების გადაბეჭდვის წესი