ახალი ამბები

შეფასებები ივანიშვილის მიერ პარტიების დაფინანსების ირგვლივ

23 დეკემბერი, 2011 • • 1132
შეფასებები ივანიშვილის მიერ პარტიების დაფინანსების ირგვლივ

პოლიტიკური პარტიების შემომწირველთა ნუსხის გამოქვეყნებამ პარლამენტში მმართველი და ცალკეული ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებული რეაქციები გამოიწვია.

პროკურატურამ პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრ, დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილს მოთხოვნაზე, თუ რომელი პარტია ვისგან ფინანსდება, 2011 წლის ნოემბერ–დეკემბერში გამოქვეყნებული დაფინანსების ნუსხა გადაუგზავნა.

აღნიშნულ ნუსხაში მითითებულია, რომ ოთხი პარტია – “თავისუფალი დემოკრატები”, “ხალხის პარტია”, “კონსერვატიული პარტია”  და “საქართველოს რესპუბლიკური პარტია” – ამა წლის ნოემბერ–დეკემბერში ერთი და იგივე 11 კომპანიისგან ფინანსდებიან, მათ შორისაა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიები.

ჯამში, აღნიშნულ პარტიებს ამ პერიოდში 4 მილიონ 100 ათასი ლარი აქვთ მიღებული.

ფრაქცია “ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარემ, გია თორთლაძემ, აღნიშნული პარტიები ფულადი სახსრების უკანონო მოპოვებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციაში ნაშოვნი ფულით ბიძინა ივანიშვილს ქართული პარტიების დაფინანსების უფლება არ აქვს.  

“აქ არის 11 ორგანიზაციის ჩამონათვალი, აქედან 9 ორგანიზაცია არის ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი საკუთრება, რომლებმაც ნოემბერ–დეკემბერის თვეში ჩაურიცხა პარტიებს თანხები. მათ გადაურიცხა მილიონ ასი ათასი ლარი. ოთხივემ მიიღო ერთი და იგივე დროს ერთი და იგივე თანხა. ეს არის სწორედ ის, რაზეც მე ვსაუბრობდი. ეს ადასტურებს, რომ რუსეთის მოქალაქე, რუსი ოლიგარქი ყიდულობს ქართულ პარტიებს. ეს ადამიანები და პოლიტური პარტიები დაფინანსდნენ რუსეთის მოქალაქის მიერ. ეს კანონის დარღვევაა. საქართველოს მოქალაქე ივანიშვილი აღარ არის. რუსეთის მოქალაქეობა მას არ დაუტოვებია. როდესაც ადამიანი აფინასებს საქველმოქმედო ღონისძიებებს, ეს კანონით არც ერთ უცხოელ მოქალაქეს აკრძალული არ აქვს. ხოლო პოლიტიკური პარტიების დაფინანსება უცხო ქვეყნის მოქალაქეს აკრძალული აქვს,” – განაცხადა თორთლაძემ.  

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პალიკო კუბლაშვილის შეფასებით, ვენეციის კომისიაც ზუსტად ამდაგვარ მაგალითებზე აკეთებდა აქცენტებს. შესაბამისად, მისი თქმით, ქართველი არასამთავრობოების წინააღმდეგობის მიუხედავად, საჭირო იყო, რომ აკრძალულიყო იურიდიული პირებისთვის შემოწირულობების გაკეთების შესაძლებლობა.    

“ამით დადასტურდა ის, რასაც ვენეციის კომისიის წარმომადგენლები ამბობდნენ. იურიდიული პირის მეშვეობით ვიღაცას შეუძლია, რომ გვერდი აუაროს კანონის მოთხოვნებს და შემოწირულობა გააკეთოს იმაზე მეტი თანხით, ვიდრე ეს კანონით არის დაშვებული. ეს ფაქტი ნათლად ადასტურებს ზემოთ თქმულს. ერთ ფიზიკურ პირს შეუძლია დააფუძნოს ბევრი იურიდიული პირი და მაშინ, როდესაც ფიზიკურ პირს შეუძლია 30 ათასის შეწირვა, რამდენი შემოწირულობა გააკეთა ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილმა. ეს თანხა მილიონ ასი ათასია,” – განაცხადა კუბლაშვილმა.

ივანიშვილის რუსულ კვალზე და მის ეფესბესთან კავშირებზე თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძეც საუბრობს.

“ამ ფულის წარმომავლობა ყველამ იცის. ეს რუსეთიდან მოდის. დასტურდება, რომ უზარმაზარი თანხებია იმ პოლიტიკოსებზე გაცემული, რომელთა არც ქმედება უნახავს ვინმეს და არც ეს პოლიტიკოსები მინახავს დიდი ხანია. ერთადერთი, რაც ივანიშვილმა ასე თუ ისე გასაგებად ჩამოაყალიბა, რუსეთისადმი და პუტინისადმი მისი დამოკიდებულებაა. ადამიანს, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ძაღლად აღარავინ აგდებს, მისთვის დემოკრატიის მაგალითია”, – განაცხადა თარგამაძემ.

“რესპუბლიკური პარტიის” წევრის თინა ხიდაშელის შეფასებით, პირადად ბიძინა ივანიშვილისგან დაფინანსებას ისინი არ იღებენ.

“ყველაფერი ხდება კანონის ფარგლებში. ბიძინა ივანიშვილი, როგორც ფიზიკური პირი, საქართველოს მოქალაქე არ არის და შესაბამისად, “რესპუბლიკური პარტია” მისგან დაფინანსებას არ იღებს. არასდროს “რესპუბლიკურ პარტიას” კანონი არ დაურღვევია და ეს არც ახლა მოხდება. ვიღებთ თუ არა დაფინანსებას იურიდიული პირებისგან? დიახ, ვიღებთ. არის თუ არა ამ იურიდიული პირების ან ნაწილის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი? დიახ, არის. ისევე, როგორც კახი კალაძე არის ერთ-ერთი დამფუძნებელი იმ იურიდიული პირების, რომლებისგანაც ჩვენ ვიღებთ დაფინანსებას. მათ შორის არის “ქართუ ჯგუფი”. კანონით იურიდიული პირებისთვის 100 ათასლარიანი ზღვარი არის გათვალისწინებული და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კანონი ამ შემთხვევში პარტიის მხრიდან დარღვეული არ იქნება”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” თინა ხიდაშელმა.

რაც შეეხება 2010 წელს “ნაცმოძრაობის” დამფინანსებელთა ნუსხაში მმართველი პარტიის შემომწირველთა შორის უცხოეთში დარეგისტრირებული სუბიექტების დაფუძნებული შვილობილი კომპანიების არსებობას, პალიკო კუბლაშვილი განმარტავს, რომ ამ მიმართულებით კანონმდებლობაში არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.

2010 წელს “ნაციონალურ მოძრაობას” სულ 12 667 503 ლარი შესწირეს. შემომწირველი იყო 434 იურიდიული და ფიზიკური პირი.

კითხვაზე, თუ რატომ აღმოჩნდა მმართველი პარტიის დამფინანსებლებს შორის ოფშორულ ზონებში რეგისტირირებული კომპანიების მიერ დაფუძნებული ე.წ. შვილობილი ფირმები, მათ შორის ისეთებიც, რომელთა დამფუძნებლებიც არიან რუსეთში რეგისტრირებული, კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ “ნაციონალებზე” შემოწირულობა გააკეთა იმან, ვინც არის რეგისტრირებული საქართველოში.

“ჩვენ პარტიას არასდროს დაურღვევია კანონი შემოწირულობების თვალსაზრისით. მე რაც ვნახე, იმის მიხედვით შემიძლია ეს დასკვნა  გავაკეთო. მე რაც შემიძლია ვთქვა,  ეს არის ბიძინა ივანიშვილის კავშირი კრემლთან,  “ეფესბსეს”–თან და ა.შ. ეს არის ჩემი ვარაუდები,  ჩემი მოსაზრება,” – აღნიშნა კუბლაშვილმა.

მისივე შეფასებით, ივანიშვილს არ ეკრძალებოდა მთავრობის დაფინანსება,  სანამ აფინანსებდა ხელისუფლებას, საქველმოქმედო ფონდებს და მას ძალიან ბევრი პროექტი აქვს დაფინანსებული.

ამავე თემაზე:

ცაგარეიშვილი: “ნაციონალებს” რუსეთში რეგისტრირებული კომპანიებიც აფინანსებდნენ

ოთხი პარტია “ქართუ ჯგუფისგან” ფინანსდება

მასალების გადაბეჭდვის წესი