ახალი ამბები

რა შენდება მარჯანიშვილის ქუჩაზე?

21 იანვარი, 2012 • 2021
რა შენდება მარჯანიშვილის ქუჩაზე?

მარჯანიშვილის ქუჩაზე, კორპუსის წინ მშენებარე კომპლექსის გამო უკვე დაიხურა კორპუსის პირველ სართულზე არსებული რამდენიმე მაღაზია და აფთიაქი, შენობის დაცლას აპირებს „თიბისი ბანკიც“. თუმცა, პრეტენზიებს მშენებლობის გამო მხოლოდ პირად საუბრებში გამოხატავენ როგორც კომერციული ობიექტების წარმომადგენლები, ისე კორპუსის მაცხოვრებლები.

“ჩვენ ვინ რას შეგვეკითხებოდა?! მერია აშენებს და ჩვენ რა პრეტენზიაც გინდა გამოვთქვათ, მაინც იმას გააკეთებენ, რაც უნდათ”, – აცხადებს კორპუსის ერთ–ერთი მაცხოვრებელი, რომელმაც სახელის და გვარის გამხელა არ ისურვა.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მარჯანიშვილის ქუჩაზე მშენებარე ობიექტის გამო მათ მოქალაქეების საჩივრები არ მიუღიათ. მათივე თქმით, მშენებლობა სამეზობლო მიჯნების სრული დაცვით მიმდინარეობს, თუმცა საცხოვრებელი კორპუსი და მშენებარე ობიექტი იმდენად ახლოსაა ერთმანეთთან განთავსებული, რომ გავლა მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვისაა შესაძლებელი.

მარჯანიშვილის ქუჩაზე მშენებარე ობიექტის მესაკუთრე „თბილისის განვითრების ფონდია“.

„კანონის მიხედვით, დატოვებულია 6–მეტრიანი ბუფერული ზონა, არქიტექტურის სამსახურმა გასცა ნებართვა, ასე რომ, არავის უფლებები არ არის დარღვეული“, – ამბობს ფონდის თავმჯდომარე გიორგი საბანიძე.

როგორც “ნეტგაზეთს” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განუცხადეს, შენობების სიახლოვე, ხედის უფლება და ა.შ. სხვადასხვა შენობასთან დაკავშირებით ინდივიდუალურად უნდა იყოს შესწავლილი.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებულმა სამეცნიერო მეთოდურმა საბჭომ მარჯანიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ესკიზური ვარიანტი 2011 წლის 1 აგვისტოს განიხილა და დადებითი შეფასება მისცა, რის შედეგადაც მფლობელს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების უფლება მიეცა.

იმის გამო, რომ მარჯანიშვილის ქუჩის სავალი ნაწილიდან ამ ადგილების შემჩნევა უკვე შეუძლებელი ხდება, დაიხურა კორპუსის პირველ სართულზე არსებული რამდენიმე მაღაზია და აფთიაქი, ფანჯრებზე კი განცხადებები გამოაკრეს წარწერით “ქირავდება”.

ამჟამად კორპუსის პირველ სართულზე, სასურსათო მაღაზიებისა და “თი–ბი–სი ბანკის” ფილიალის გარდა, მაღაზია “რონიკო” და საკვები ობიექტი “მაჭახელა” მდებარეობს. 

ტერიტორიას მალე “თი–ბი–სი ბანკიც” დატოვებს. ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის მაია ძირკველიშვილის განცხადებით, “თი–ბი–სი ბანკის” ეს ფილიალი 2012 წლის გაზაფხულზე დაიხურება:

“ვინაიდან ჩვენი სათაო ოფისიც ამ ქუჩაზე მდებარეობს, გადავწყვიტეთ, რომ ერთ ქუჩაზე ორი ფილიალი პრაქტიკულად არ არის საჭირო. ამავე კორპუსის ზედა სართულებზე სათაო ოფისის რამდენიმე განყოფილებაც გვაქვს განთავსებული, თუმცა მალე ეს განყოფილებები ახალ შენობაში გადავა, ამიტომ მშენებლობასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გვაქვს.”

მშენებლობის შესახებ პრეტენზია არც “მაჭახელას” გამოუთქვამს, რასაც იმით ამართლებენ, რომ ეს ტერიტორია მათი საკუთრება არ არის:

“ეს ადგილი ჩვენ არენდით გვაქვს აღებული, ჩვენს პირად მფლობელობაში არ არის, ამიტომ პრეტენზია არ გვაქვს”, – განაცხადა “მაჭახელას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო მაისურაძემ.

მშენებარე ობიექტის უკან მოქცეული კორპუსის მოსახლეობა იმედოვნებს, რომ ნაგებობა მართლაც 3–სართულიანი იქნება, როგორც პროექტით არის გათვალისწინებული და კორპუსს მთლიანად არ დაფარავს.

„თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელის თქმით, მშენებლობის დასრულების შემდეგ მისი რეალიზაცია მოხდება და, სავარაუდოდ, საოფისე და კომერციული ფართებისთვის იქნება გამოყენებული:

„ეს არის ფონდის საკუთრება და დასრულების შემდეგ ფონდი გაასხვისებს და თანხებს სხვა სამუშაოებს მოახმარს.“

სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „არტესი“ აწარმოებს, რომელმაც უკვე განახორციელა აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი.

„ტენდერი არ გამოგვიცხადებია, ჩვენ არ ვაცხადებთ ტენდერს, არ გვევალება ეს პროცედურა, აქ მუშაობენ ის კომპანიები, რომლებსაც რეაბილიტაციის გამოცდილება აქვთ,“ – ამბობს გიორგი საბანიძე.

მისივე თქმით, ახალი ნაგებობის მშენებლობა მარჯანიშვილის ქუჩაზე მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი