ახალი ამბები

პარლამენტს საარჩევნო კოდექსის ალტერნატიული ვარიანტი გადაეცა

23 დეკემბერი, 2011 • 1149
პარლამენტს საარჩევნო კოდექსის ალტერნატიული ვარიანტი გადაეცა

იურისტებისა და მედიის წარმომადგენლების საინიციატივო ჯგუფმა პარლამენტს საარჩევნო კოდექსის ალტერნატიულ ვარიანტი, სახელწოდებით “მედია და არჩევნები” განსახილველად გადასცა.

შემუშავებული კანონპროექტის ავტორები არიან: ვახტანგ ხმალაძე, ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ელისო ჩაფიძე და ალექსანდრე ბარამიძე.

მედიაექსპერტ ზვიად ქორიძის განცხადებით, დღეს გადასცეს პარლამენტს მათ მიერ მომზადებული რეკომენდაციები და იმედს გამოთქვამს, რომ მოხდება ამ ცვლილებების საარჩევნო კოდექსში გათვალისწინება.  

“დღეს მიმდინარეობს პარლამენტის რიგგარეშე მეორე სესია, სადაც კვლავ განიხილავენ საარჩენო კოდექსის ცვლილების საკითხებს. ჩვენ წარვუდგინეთ საკანონმდებლო ორგანოს ჩვენ მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტი, რომელშიც განსაზღვრულია მედიის როლი წინასაარჩევნოდ. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი დიდ დაინტერესებას ჰპოვებს პარტიებში და მოხდება მისი ასახვა ახალ საარჩევნო კოდექსში.  

ამ პაკეტში შევეხეთ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: მედიამონიტორინგის საბჭოს შექმნა,  უფასო და ფასიანი რეკლამების საკითხი, ასევე, დებატები ტელეარხებზე, ანუ იმ თემებს, რაც წინა არჩევნებზე სერიოზულ პრობლემებს წარმოადგენდა,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ქორიძემ.  

საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული რეკომენდაციების ცალკეული საკითხები:

  • არჩევნების დანიშვნიდან მისი შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე უნდა აიკრძალოს საარჩევნო სუბიექტის/სუბიექტობის კანდიდატის მონაწილეობა მაუწყებლის ყველა პროგრამაში, გარდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამებისა;
  • კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო აქტივობა უნდა გაშუქდეს საფუძვლიანად და დაბალანსებულად ყოველდღიურ ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში;
  • კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს უნდა მისცეს ყოველდღიურ ახალ ამბებში ე.წ. მთავარ მოვლენებზე კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა, ამასთან, ერთი ასეთი სუბიექტისათვის მთავარ მოვლენაზე ან დღის მნიშვნელოვან სხვა საკითხზე კომენტარის გაკეთების შეთავაზების შემთხვევაში კომენტირება შესთავაზოს დანარჩენ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებსაც;
  • არჩევნების დანიშვნიდან მისი შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე უნდა აიკრძალოს მაუწყებლის ახალი ამბების პროგრამაში ისეთი სიუჟეტის ჩართვა, რომელიც დაკავშირებული არ არის საარჩევნო კამპანიასთან და რომელშიც ნაჩვენები ან/და ნახსენებია საარჩევნო სუბიექტი/სუ-ბიექტობის კანდიდატი, მისი დასახელება, ან/და რიგითი ნომერი. (“ფარული” პოლიტიკური რეკლამა)
  • უნდა აიკრძალოს ახალი ამბების პროგრამის გაწყვეტა წინასაარჩევნო რეკლამით/აგიტაციით.
  • უფასო რეკლამასთან ერთად უნდა იყოს ფასიანიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი