ახალი ამბები

მასწავლებელი ამბობს, რომ ივანიშვილის მხარდაჭერისთვის სკოლიდან დაითხოვეს

22 დეკემბერი, 2011 • 1049
მასწავლებელი ამბობს, რომ ივანიშვილის მხარდაჭერისთვის სკოლიდან დაითხოვეს

გარდაბნის რაიონის #3 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლი საიატ გასანოვა ამბობს, რომ ის და ამავე სკოლის ბუღალტერი სკოლიდან მათი პოლიტიკური მრწამსის გამო დაითხოვეს.

საიატ გასანოვა გარდაბნის რაიონში რესპუბლიკური პარტიის რაიონული ორგანიზაციის კომიტეტის წევრის, თეიმურაზ გასანოვის მეუღლეა. იგი ამბობს, რომ გარდაბნის #3 საჯარო სკოლიდან სკოლის ბუღალტერთან ერთად სამსახურიდან სკოლის დირექტორის ბრძანების საფუძველზე უკანონო და უსაფუძვლო ბრალდებებით გაათავისუფლეს.

სკოლიდან დათხოვნილი მასწავლებლისა და ბუღალტერის შესახებ პრესკონფერენცია დღეს სწორედ “რესპუბლიკურ” პარტიაში შედგა. პრესკონფერენციას საიატ გასანოვა და მისი მეუღლეც ესწრებოდნენ.

საიატ გასანოვას მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სკოლის დირექტორმა თანამშომლებს განუცხადა, რომ მათთან პრეტენზიები არ აქვს, უბრალოდ ისინი ჩართულნი არიან ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნისთვის მიმდინარე კამპანიაში და მას მოსთხოვეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც რაიონში ხელმოწერებს აგროვებდნენ, სამსახურიდან დაეთხოვა.

როგორც საიატ გასანოვა ამბობს, გარდაბნის #3 საჯარო სკოლის დირექტორი ქუთაისში გადამზადების კურსებზე იმყოფებოდა და სპეციალურად 19 დეკემბერს ჩავიდა გარდაბანში ბრძანების დასაწერად. სამსახურდან თანამშრომლების გათავისუფლების შემდეგ კი იმავე დღეს დაბრუნდა ქუთაისში.

მასწავლებელის თქმით, სკოლის დირექტორმა საიატ გასანოვასა და სკოლის ბუღალტერს განუცხადა, რომ თუ მითითებას არ შეასრულებდა და მათ სკოლიდან არ დაითხოვდა, პრობლემები თავად შეექმნებოდა.

საიატ გასანოვა გარდაბნის რაიონის #3 საჯარო სკოლაში უკვე 29 წელია მათემატიკის მასწავლებლად მუშაობს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ამ ფაქტის შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ.

“სკოლა არის ავტონომიური უწყება და დირექცია თავად განკარგავს პედაგოგების მიღებისა და გაშვების პროცესს,”–ამბობს ნინო პოტრჟებსკაია, სამინისტროს პრესსამსხურის უფროსი.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ნეტგაზეთი ამ ეტაპზე გარდაბნის რაიონის რესურსცენტრსა და სკოლის დირექციას ვერ დაუკავშირდა.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, რესპუბლიკური პარტია 2011 წლის 19 დეკემბერს გაცემული ბრძანების გასაჩივრებას გეგმავს გარდაბნის რაიონის სასამართლოში.

ამავე თემაზე: მასწავლებელთა ტესტირება პოლიტიკურ მრწამსზე

მასალების გადაბეჭდვის წესი