პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა განკარგულება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ.
3 ივნისს გამოცემული აქტის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, თუმცა პრეზიდენტის ბრძანებულებას ესაჭიროება მთავრობის კონტრასიგნაცია[თანხმობა].
როგორც მიშველაძემ განაცხადა, პრეზიდენტის ბრძანებულება უკვე გაუგზავნეს მთავრობას და ელოდებიან კონტრასიგნაციას კანონით დადგენილ ვადაში.
კანონის თანახმად, მთავრობას 10 სამუშაო ვადა აქვს იმისათვის, რომ დაეთანხმოს ან უკან დაუბრუნოს პრეზიდენტს არჩევნების დანიშვნის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტები. თუკი დაეთანხმება, წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყება.
აპრილში მთავრობამ უკან დაუბრუნა პრეზიდენტს არჩევნების დანიშვნაზე სამართლებრივი აქტები
მნიშვნელოვანი დეტალები
- პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2016 წლის 5 აპრილს განაცხადა, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს დანიშნა. მან 6 აპრილს გაუგზავნა ორი სამართლებრივი აქტი მთავრობას კონტრასიგნაციისთვის. თუმცა 6 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ განკარგულება არჩევნების დანიშვნის თაობაზე ძალაში 8 აგვისტოდან შევიდოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ეს იქნებოდა საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღიც.
- ამგვარ ბრძანებულებას სამართლებრივი გაუგებრობა უწოდეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ კანონის თანახმად, არჩევნების დანიშვნის შესახებ ბრძანებულება ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ წინასაარჩევნო კამპანია აპრილშივე დაიწყებოდა.
- თუკი მთავრობა დაეთანხმებოდა პრეზიდენტს, მოსალოდნელი იყო ხანგრძლივი წინასაარჩევნო კამპანია, რაც ქვეყანაში დისკუსიის საგანი გახდა.
- 14 აპრილს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაცია არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებაზე მოტივირებულ შენიშვნებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაუგზავნის. მან ხელი არ მოაწერა პრეზიდენტის განკარგულებას და გამოთქვა სურვილი, რომ წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე სამი თვით ადრე ამოქმედებულიყო.
- 14 აპრილს პრეზიდენტმა მკაცრად უპასუხა პრემიერს და განაცხადა, რომ არჩევნებს არა სამი თვით ადრე, არამედ 5 თვით ადრე დანიშნავს.
- ამ თემაზე შემდგომში კონსულტაციები გაიმართა პრეზიდენტს და პრემიერს შორის და შეთანხმდნენ არჩევნების 4 თვით ადრე დანიშვნის შესახებ.
- თუკი პრემიერ-მინისტრი 3 ივნისს გამოცემულ პრეზიდენტის სამართლებრივ აქტებს არჩევნების დანიშვნის შესახებ 9 ივნისამდე დაეთანხმება და ხელს მოაწერს, წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 4 თვით ადრე ამოქმედდება.
