ახალი ამბები

ბათუმის “25–ე არხი” თბილისში მაუწყებლობას გეგმავს

21 დეკემბერი, 2011 • • 1099
ბათუმის “25–ე არხი” თბილისში მაუწყებლობას გეგმავს

ბათუმში მაუწყებელი ”25-ე არხის” დირექტორი მერაბ მერკვილაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ხმებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანიის შესყიდვას აპირებს, თუმცა ის მზად არის, ნებისმიერი კონკრეტული შემოთავაზება განიხილოს.

”არც ერთხელ არ ყოფილა რეალური და მტკიცე შემოთავაზება ამ მიმართულებით. დღემდე ტელკომპანიის გაყიდვასთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა და ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილებაც არ ყოფილა მიღებული. გვიფიქრია, გვისაუბრია იმასთან დაკავშირებით, შემოთავაზება რომ ყოფილიყო, რას ვიზამდით,” – უთხრა ნეტგაზეთს ”25-ე არხის” დირექტორმა.

კითხვაზე, თუ იქნა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ტელეკომპანიის შესყიდვის მცდელობა, როგორი იქნება არხის ხელმძღვანელობის პოზიცია, მერკვილაძე პასუხობს, რომ ”გააჩნია, რა შემოთავაზება იქნება, რაზე იქნება საუბარი.”

ადამიანმა მხოლოდ ერთხელ განაცხადა, მოვდივარ პოლიტიკაში და ტელეკომპანიების შეძენა მინდაო. მე ამას სერიოზულ შემოთავაზებად ვერ აღვიქვამ. თუ იქნება შემოთავაზება, რა თქმა უნდა, ტელეკომპანია ბიზნესია და არ გამოვრიცხავთ, დავფიქრდეთ ამ წინადადებაზე. ეს ძალიან შორეული, ვარაუდებზე აგებული საუბარია, რადგან მე მყავს პარტნიორები და თუ შემოთავაზება იქნება, ერთად გადავწყვეტთ, რას ვიზამთ,” – ამბობს მერაბ მერკვილაძე.

მან ”ნეტგაზეთს” ასევე უთხრა, რომ თბილისში მოქმედ რამდენიმე საკაბელო მაუწყებელთან მიმდიანრეობს მოლაპარაკება საკაბელო ქსელში ”25-ე არხის” ჩართვასთან დაკავშირებით, თუმცა მოლაპარაკების დასრულებამდე მერკვილაძე არ აკონკრეტებს, რომელ საკაბელო ტელეკომპანიებზეა საუბარი. ”მისივე თქმით, ზოგიერთი საკაბელო კომპანიისგან ”დამაიმედებელი სიგნალები” მიდის.

როგორც ”25-ე არხის” დირექტორი ამბობს, ტელეარხს აქვს როგორც სატელიტური, ისე დეციმეტრულ დიაპაზონზე მაუწყებლობის ლიცენზია. დეციმეტრულ დიაპაზონზე ”25-ე არხს” მაუწყებლობა მხოლოდ ბათუმსა და მის შემოგარენში შეუძლია, ხოლო სატელიტიდან – შეუზღუდავად.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, თამარ კორძაია ამბობს, რომ  ”25-ე არხს”  და საკაბელო მაუწყებლებს არანაირი სამართლებრივი პრობლემა არ შეექმნებათ, თუკი არხის სიგნალს სატელიტიდან რომელიმე საკაბელო მაუწყებელი საკუთარ ქსელში ჩართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი