ახალი ამბები

ივანიშვილის წარმომადგენლები დიპლომატებს შეხვდნენ

21 დეკემბერი, 2011 • • 1149
ივანიშვილის წარმომადგენლები დიპლომატებს შეხვდნენ

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

21 დეკემბერს ათზე მეტი ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლებს ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა ”ქართუ ბანკის,” ”ქართუ ჯგუფისა” და თავად ბიძინა ივანიშვილის გარშემო შექმნილი პრობლემები გააცნეს. შეხვედრა სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” 1.5 საათს გაგრძელდა.

შეხვედრა ღია იყო და მას ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ. ივანიშვილის იურისტებთან და ”ქართუ ბანკის” პრეზიდენტ ნოდარ ჯავახიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართველოში აშშ-ს, ესტონეთის, შვეიცარიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები.  შეხვედრის დასრულების შემდეგ  ჟურნალისტებთან შეფასებების გაკეთება მათ არ ისურვეს.

”ქართუ ბანკის” პრეზიდენტმა დიპლომატიურ კორპუსს გააცნო ბიძინა ივანიშვილის 7 ოქტომბრის განცხადების შემდეგ ბანკში შექმნილი პრობლემები. ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, 7 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრამდე ”ქართუ ბანკიდან” მსხვილი კლიენტებმის მიერ ანგარიშების სხვა ბანკებში გადატანის გამო ბანკიდან 45 მილიონი ლარი გაედინა. თუმცა, ბანკის პრეზიდენტისვე ცნობით, სოლიდარობის ნიშნად მოსახლეობამ ”ქართუ ბანკში” ანაბრების გახსნა დაიწყო და თუ აქამდე ბანკში მხოლოდ 800-მდე ანაბარი იყო გახსნილი, მისმა რაოდენობამ სოლიდარობის აქციის შედეგად 23 ათასს მიაღწია.

ნოდარ ჯავახიშვილმა ასევე გაიხსენა სამართალდამცავთა მიერ ”ქართუ ბანკის” საინკასაციო მანქანისა და რამდენიმე მილიონის დაკავება გათეთრების ბრალდებით. ბანკის პრეზიდენტმა დიპლომატებს განუმარტა, რომ ”ქართუ ბანკი” გადარიცხვებს საერთაშორიოს სისტემით ახორციელებდა და თუ რაიმე უკანონობას ჩაიდენდა, ქართველ სამართალდამცავებზე ადრე, პირველ რიგში, რეაგირებას მოახდენდნენ როგორც აშშ-ს, ისე ევროპის საბანკო მაკონტროლებელი ორგანოები. ”ქართუ ბანკის” პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ თუ ბანკიდან ნაღდი ფული გასათეთრებლად იყო  გამოტანილი, მაშინ პრობლემები ”საქართველოს ბანკსაც” უნდა შექმნოდა, მაგრამ ეს არ მომხდარა. გარდა ამისა, აღნიშნულ საქმეზე 2 თვეა გამოძიება მიმდინარეობს და ”ქართუ ბანკს” საგამოძიებო უწყებებიდან არავინ შეხმიანებია.

ნოდარ ჯავახიშვილმა დიპლომატებთან ისაუბრა იმ საკანონმდებლო ცვლილებაზეც, რომლის მიხედვით ბანკები კარგავენ პირველი რიგის იპოთეკარის უფლებას. ანუ, თუ ბანკიდან სესხის ამღებ პირს სესხის უზრუნველსაყოფად ქონება ჰქონდა ჩადებული და მას აღმოაჩნდა სახელმწიფოსადმი ძველი დავალიანება, სახელმწიფოს უფლება აქვს, ეს ქონება დააყადაღოს და გაყიდოს. შესაბამისად, ბანკების სესხების დიდი ნაწილი უპერსპექტივო და არაუზრუნველყოფილი ხდება.

”ქართუ ბანკის” პრეზიდენტის ინფორმაციით, ბოლო ორი-სამი კვირის მანძილზე სახელმწიფომ უკვე დააყადაღა ”ქართუ ბანკის” იპოთეკართა ქონება, რომლის ღირებულება ჯამში 100 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, შესაბამისად, ”ქართუ ბანკის” მიერ გაცემული 75 მილიონის ოდენობის სესხი არაუზრუნველყოფილი და უპერსპექტივო გახდა.

ჯავახიშვილი ამტკიცებს, რომ ეკონომიკის სამინისტროს დაყადაღებული ქონება აუქციონზე მხოლოდ ფიქტიურად გააქვს, რადგან ამ ქონებას მყიდველი არ უჩნდება და მას ნატურის სახით თავად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ისაკუთრებს.

”ქართუ ბანკის” პრეზიდენტმა დიპლომატებს ასევე უთხრა, რომ ბანკმა სცადა, ერთ-ერთ მსგავს ელექტრონულ აუქციონში მიეღო მონაწილეობა, თუმცა მესამე ბიჯის დასახელებისას, ელექტრონულმა სისტემამ დაუწერა, რომ ბიჯის განთავსება დაგვიანდა, რის გამოც აუქციონს გამოეთიშა.

შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენელმა ნოდარ ჯავახიშვილს ჰკითხა, აუქციონიდან უკანონოდ გათიშვის გამო ბანკმა თუ მიმართა რაიმე სამართლებრივ ზომას, რაზეც ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი რამ არ გაუკეთებიათ, რადგან მტკიცებულებები არ ჰქონდათ.

ბიძინა ივანიშვილის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა დიპლომატებს უამვო, თუ როგორ ჩამოართვეს მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინე ხვედელიძეს, როგორ დაირღვა ამით კანონი და როგორ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი.

ადვოკატმა საელჩოების წარმომადგენლებს ინგლისურად ნათარგმნი სარჩელი და ყველა ის განცხადება გადასცეს, რომელიც სხვადასხვა პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით ივანიშვილის პრესსამდივნომ გაავრცელა.

”ქართუ ჯგუფის” იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალა კახნიაურმა საელჩოების წარმომადგენლებს განუცხადა, რომ სხვადასხვა პროექტებისთვს გათვალისწინებული ელექტროპარატურა საბაჟო პუნქტზე ზიანდება, რაც ”ქართუ ჯგუფს” დიდ ზარალს აყენებს. როგორც კახნიაურმა განაცხადა, დაზიანებული ტექნიკის ექსპერტიზისთვის ”ქართუ ჯგუფმა” სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს  მიმართა, ექსპერტიზაც ჩატარდა, თუმცა ბიურო დასკვნის გამოქვეყნებას აგვიანებს. ელზა კახნიაურს მიაჩნია, რომ ეს პოლიტიკური მოტივით ხდება.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა დიპლომატებს ასევე გააცნეს თბილისში  ”ქართუ ჯგუფის” მიერ აშენებული ”როსტომ მეფის სასახლის” ექსპლუატაციის შესვლასთან დაკავშირებული პრობლემები და თბილისის მერია პრობლემების განზრახ შექმნაში, ხოლო პოლიცია კი უმოქმედობაში დაადანაშაულეს.

როგორც ივანიშვილის წარმომადგენლები აცხადებენ,  სამომავლოდ დიპლმატებთან მსაგვს შეხვედრებს უფრო ხშირად გამართავენ, რათა ინფორმაციის მიღება პირველწყაროდან შეძლონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი