ახალი ამბები

დავით ბაქრაძე ბიზნესსაბჭოს გაფართოებულ შემადგენლობას შეხვდა

21 დეკემბერი, 2011 • 884
დავით ბაქრაძე ბიზნესსაბჭოს გაფართოებულ შემადგენლობას შეხვდა
დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

დღეს, 21 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ფინანსთა მინისტრ დიმიტრი გვინდაძესა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილთან  ერთად ბიზნესსაბჭოს წევრებს შეხვდა და მათ 2012 წლის ბიუჯეტი გააცნო.

შეხვედრის დაწყებამდე ბაქრაძემ განაცხადა, რომ ამ შეხვედრაზე ბიზნესსაბჭოს წევრებს გააცნობენ 2012 წლის ბიუჯეტს და იმ ხარჯებს, თუ რაში დაიხარჯება გადასახადებიდან შემოსული თანხა.

“ბიზნესმა უნდა შექმნას სამუშაო ადგილები და დასაქმება. ბიზნესმა უნდა დაასაქამოს ადამიანები და ამ ყველაფრისთვის აუცილებელია, ბიზნესმენებს ჰქონდეთ რწმენა, რომ საქართველო ვითარდება სტაბილურად და საქართველოს ყველა მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო პარამეტრი უზრუნველყოფს ამ ქვეყნის სტაბილურ და ნორმალურ ეკონომიკურ განვითარებას მომავალი წლების განმავლობაში.

სწორედ ამიტომ დღევანდელი ბიზნესსაბჭოს რეალური ამოცანაა, გავაცნოთ ბიზნესმენებს ქვეყნის მიკროეკონომიკური მდგომარეობა, გავაცნოთ დეტალურად 2012 წლის ბიუჯეტი, თუ რაში დაიხარჯება გადასახადებიდან შემოსული ფული მომავალ წელს. ერთი მხრივ, ეს არის კარგი პროცესის გამჭვირვალობისთვის, მეორე მხრივ, რაც მთავარია, ეს შექმნის რწმენას ბიზნესმენებში, რომ ქვეყანა ვითარდება სწორად,” – აღნიშნა შეხვედრის დაწყებემდე ბაქრაძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ზოგადი შეფასებები გაკეთდა.

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტის, გიორგი ისაკაძის განცხადებით,  ბიუჯეტის განხილვამდე არ იყო ჩართული ამ პროცესში.

“მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი დამტკიცებულია, მაქსიმალურად მივიღეთ ინფრომაცია 2012 წელთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო პერიოდია და ბიზნესს ერთით მეტი კითხვა ყოველთვის აქვს ამგვარ თემაზე.

რაც შეეება შენიშვნებს. შენიშვნები რომც გვქონოდა, ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია. ძირითადად იყო საუბარი პრიორიტეტებზე, რომ გვენახა შთამბეჭდავი ციფრები გამოხატული კონკრერტულ თანხაში, რეალურად რა მიმართულებით დაიხარჯება,” – აღნიშნა ისაკაძემ.

ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი გვინდაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ხაზი გაუსვა იმ დინამიკაზე, რომელიც ბიზნესის განვითარების კუთხით არის ქვეყანაში.  

“ვისაუბრეთ 2012 წლის ბიუჯეტის სტრუქტურაზე, მაკროეკონომიკაზე, იმ დინამიკაზე, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში, ზოგადად საბიუჯეტო პოლიტიკაზე და იმ რეფორმებზე, რაც დღეს ტარდება საგადასახადო–საბაჟო ადმინისტრირების კუთხით. ეს არის ის სფერო, რომელიც დიდწილად განაპირობებს ბიზნესსაქმიანობას საქართველოში. ჩვენ დავარწმუნეთ ბიზნესმენები, რომ დღეს საქართველოში არსებობს ყველანაირი წინაპირობა იმისა, რომ ხალხმა აკეთოს ბიზნესი და ეს ქვეყანა განვითარდეს,” – აღნიშნა გვინდაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა ბიუჯეტი  9 დეკემბერს დაამტკიცა. ბიუჯეტის შემოსავლები 6.893 მილიარდი ლარით, ხოლო ხარჯები 6,528 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც პირველად წარმოდგენილ პარამეტრებს 386.500 მილიონი ლარით აღემატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი