ახალი ამბები

“გუდიაშვილის მოედნის პროექტი კანონის ცალსახა დარღვევაა”

20 დეკემბერი, 2011 • 981
“გუდიაშვილის მოედნის პროექტი კანონის ცალსახა დარღვევაა”
როგორც კულტუროლოგმა ცირა ელისაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა “ტფილისის ჰამქარმა” გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით თბილისის განვითარების ფონდთან რამდენიმე შეხვედრა გამართა:
“ფონდის ხელმძღვანელი და მთავარი არქიტექტორი დაგვპირდნენ, რომ თბილისის ამ ვიქნებოდით საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, თუ ამ მნიშვნელოვან ადგილზე რა ღონისძიებები ჩატარდებოდა, თუმცა ჩვენ ინფორმაცია არა ფონდისგან არამედ სოციალური ქსელის მეშვეობით გავიგეთ. აღმოჩნდა რომ გამოცხადებული იყო კონკურსი და გაიმარჯვა კონკრეტულმა ჯგუფმა, რომლის პროექტიც დაიდო.”
მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერია ოფიციალურად უარყოფს კონკურსის გამოცხადებასთან კავშირს, “ტფილისის ჰამქარმა” საჭიროდ ჩათვალა ოფიციალური წერილი გაეგზავნა თბილისის მერისთვის, რომელშიც გუდიაშვილის მოედნის ისტორიულ და მხატვრულ ღირებულებაზეა საუბარი.
“ასეთი სახის განახლება არის კანონის ცალსახა დარღვევა. გუდიაშვილის მოედანი თბილისის ისტორიულ გარემოშია განთავსებული, აქ თითქმის ყველა შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული რომელსაც იცავს კანონი. კანონში წერია, ძეგლის სტატუსის შენობებთან დაკავშირებით რა შეიძლება გააკეთო და რა არა”, – განაცხადა ცირა ელისაშვილმა.

“ტფილისის ჰამქარმა” ოფიციალური წერილი თბილისის განვითარების ფონდსაც გაუგზავნა, სადაც შეკითხვებია დასმული იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიზანშეწონილია მსგავსი პროექტის განხორციელება, ვინ გამოაცხადა კონკურსი, მონაწილეობდა თუ არა კონკურსში თბილისი განვითარების ფონდი. “ტფილისის ჰამქარი” პასუხს უახლოეს მომავალში ელოდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი