ახალი ამბები

ივანიშვილის მოქალაქეობაზე მორიგი პროცესი დღეს გაიმართება

20 დეკემბერი, 2011 •
ივანიშვილის მოქალაქეობაზე მორიგი პროცესი დღეს გაიმართება

ბიძინა ივანშვილის ქართული პასპორტის ქსეროასლი
ბიძინა ივანშვილის ქართული პასპორტის ქსეროასლი

დღეს, 20 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით სასამართლო პროცესია დაგეგმილი. სასამართლომ  პრეზიდენტ სააკაშვილის იმ ბრძანებულების კანონიერებაზე უნდა იმსჯელოს, რომლის მიხედვითაც ივანიშვილ-ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ.

ივანიშვილ-ხვედელიძის ადმინისტრაციული სარჩელის მოპასუხე მიხეილ სააკაშვილია. საქმის არსებითი განხილვა მოსამართლე შოთა გეწაძემ 12 დეკემბერს დაიწყო. მოსარჩელეთა ინტერესებს სასამართლოში ხუთი ადვოკატი იცავს: შალვა თადუმაძე, ეკა ბესელია, ალექსანდრე ბარამიძე, ზაქარია ქუცნაშვილი და არჩილ კბილაშვილი.

12 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა არაერთხელ დააყენეს მოსამართლის აცილების საკითხი, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ შოთა გეწაძე აღნიშნული სარჩელის განხილვისას მიკერძოებულია. ამ მოსაზრებას ადვოკატები იმით ამყარებენ, რომ მოსამართლემ მათი შუამდგომლობების დიდი ნაწილი არ დააკმაყოფილა, გარდა ამისა, როცა მოსამართლე შუამდგომლობაზე საკუთარ უარს ასაბუთებდა, დარბაზში ხმის ჩამწერ მოწყობილობას თიშავდა. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა მას მოსთხოვეს, განემარტა, თუ რის საფუძველზე თიშავდა ხმის ჩამწერ მოწყობილებას. მოსამართლე შოთა გეწაძემ მათ განუცხადა, რომ მას ამის უფლება კანონით ჰქონდა, თუმცა სამართლებრივი ნორმა არ დაუკონკრეტებია, რაც ასევე გახდა ადვოკატთა პროტესტის მიზეზი.

ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტმა ივანიშვილ-ხვედელიძის მოქალაქეობის გაუქმებასთან დაკავშირებით 11 ოქტომბრის ბრძანებულება უკანონოდ გამოსცა, რის გამოც მის გაუქმებას ითხოვენ. მათ მოთხოვნას, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება მოპასუხე – პრეზიდენტი სააკაშვილი.

ამავე თემაზე:

ივანიშვილის ადვოკატები მოსამართლის წინააღმდეგ

ივანიშვილ-სააკაშვილის სასამართლო დაპირისპირების პირველი რაუნდი

მასალების გადაბეჭდვის წესი