ახალი ამბები

ივანიშვილის და აშშ-ს ელჩის დახურული შეხვედრა

20 დეკემბერი, 2011 •
ივანიშვილის და აშშ-ს ელჩის დახურული შეხვედრა

ბიძინა ივანიშვილის და საქართველოში აშშ-ს ელჩის ჯონ ბასის შეხვედრის შესახებ ივანიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

ივანიშვილის პრესსამდივნოს ხელმძღვანელი ნონა ყანდიაშვილი აცხადებს, რომ შეხვედრა, რომელიც დახურული იყო, აშშ-ს საელჩოში დღეს გაიმართა და უკვე დასრულდა.

მას არა აქვს ინფორმაცია, ვისი ინიციატივით გაიმართა შეხვედრა და რატომ. მხოლოდ იმას ამბობს, რომ არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს, თუმცა დეტალები ვერ დააკონკრეტა:

“ჩვენც არ ვიცით, რადგან დახურული იყო”.

“ნეტგაზეთი” აშშ-ს საელჩოს პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, თუმცა იქ განაცხადეს, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმირებული არ არიან და დეტალების გარკვევას შეგვპირდნენ.

ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლა სურს, ერთხელ უკვე შეხვდა აშშ-ს ელჩ ჯონ ბასს, როცა მან თავის სასახლეში დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი