ახალი ამბები

ფუძნდება ახალი მედიაგაერთიანება

19 დეკემბერი, 2011 • • 1542
ფუძნდება ახალი მედიაგაერთიანება
სამუშაო ჯგუფის წევრები
სამუშაო ჯგუფის წევრები

დღეს, 19 დეკემბერს, თბილისში გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში შეიქმნება მედიაგაერთიანება, რომელიც იზრუნებს მედიის უფლებების დაცვაზე. იდეის ინიციატორია ტელეკომპანია ”მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი.

მედიაგაერთიანების შექმნამდე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც უახლოეს ერთ კვირაში შეიმუშავებს მედიაგაერთიანების წესდებას, რის შემდეგაც გაერთიანება ოფიციალურად დაფუძნდება. სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორი ლაშა ტუღუში, წევრები კი იქნებიან: ხატია ქვათაძე რადიო ”მაესტროდან”, ჯაბა ხუბუა გაზეთ ”ასავალ-დასავალიდან” და როზი ჯღამაია ინტერნეტ გამოცემა presage.tv-დან.

მამუკა ღლონტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ მედიაგაერთიანების შექმნის იდეა მან კოლეგებს დიდი ხნის წინ გაუზიარა. მისი თქმით, საჭიროა გაერთიანდეს მედია, რათა დაიცვან ერთმანეთი უკანონობისა და იმ საფრთხისგან, რაც ხელისუფლებისგან მოდის.

მედიაგაერთიანების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ლაშა ტუღუშმა თქვა, რომ მედიაგაერთიანება დაიცავს მედიის უფლებებს ყველა კანონიერი მეთოდით, მათ შორის კი იგულისხმება მედიის სამართლებრივი დახმარებაც. როგორც ტუღუშმა განაცხადა, მედიას რომ გაერთიანება სჭირდება, ეს დედაქალაქში ჯიხურების აღების ფაქტმაც დაადასტურა, რის შემდეგაც ქალაქი ფაქტობრივად პრესის ჯიხურების გარეშე დარჩა.

იდეის ინიციატორის, მამუკა ღლონტის თქმით, მედიაგაერთიანებას ეყოლება შტატიანი თანამშრომლები, რომლებიც ორგანიზებას გაუწევენ მედიის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებს, მოამზდებენ საჯარო განცხადებებს როგორც ქართველი აუდიტორიისთვის, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსისთვის.

მედიაგაერთიანებაში გაწევრიანებას აპირებს სტუდია ”ობიექტივი,”  რომლის ხელმძღვანელია ჟურნალისტი ირმა ინაშვილი. იგი ამბობს, რომ მედიაგაერთიანების შექმნა აუცილეებლია, რათა ჟურნალისტებმა ერთად შეძლონ პრობლემებთან გამკლავება.

ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ბოლო წლებში ათეულობით მფლობელს ჩამოართვა ტელესამაუწყებლო ლიცენზიები, თუმცა ”ობიექტივი” თავის დროზე მარტო იბრძოდა.  ინაშვილს მიაჩნია, რომ მსგავსი მედიაგაერთიანება უფრო ადრე უნდა შექმნილიყო, რადგან ცალკეულ მედიასაშუალებებს არ მოუწევდათ მარტო ბრძოლა უკანონობის წინააღმდეგ.

როგორც მედიაგაერთიანების დამფუძნებლები ამბობენ, გაერთიანების წესდების შექმნის პროცესში ისინი დახმარებისთვის მიმართავენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. წესდება უახლოეს ერთ კვირაში შემუშავდება. შემდეგ შეხვედრას სამუშაო ჯგუფის წევრები 26 დეკემბერს სტუდია ”ობიექტივის” ოფისში აპირებენ.

ახალი მედიაგაერთიანების კარი ღია იქნება ნებისმიერი მედიასაშუალებებისთვის. ისინი არაწევრი მედიასაშუალებების უფლებების დაცვასაც აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი