ახალი ამბები

უგულავამ “ქართუ ჯგუფს” მადლობა გადაუხადა

19 დეკემბერი, 2011 • 1050
უგულავამ “ქართუ ჯგუფს” მადლობა გადაუხადა
დღეს, “თბილის მერიოტში” “თბილისის ოპერის მეგობართა საბჭოს” დაფუძნების ოფიციალური ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, თბილისის მერმა გიგი უგულავამ “ქართუ ჯგუფს” მადლობა გადაუხადა:

“მე პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ნებისმიერი ფონდი არემონტებდეს ოპერას, ამ შემთხვევაში “ქართუს” ვგულისხმობ. ის, თუ რატომ არ არის შეხვედრაზე, იმიტომ, რომ მე აქ ერთადერთი პოლიტიკოსი ვარ, რადგან ვარ მერი და საერთაშორისო ტრადიციის თანახმად მერი არის საბჭოს თავმჯდომარე. პოლიტიკოსები არ აკეთებენ კონტრიბუციას, კონტრიბუციას აკეთებენ ბიზნესმენები. ვინც გადაწყვეტს, რომ პოლიტიკაში იყოს, შესაბამისად, ამ საქმეს, როგორც ბიზნესმენი, ვეღარ გაარძელებს. სხვა მხრივ, მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ მადლობა გადავუხადო ნებისმიერ იმ ადამიანს, ვინც აფინანსებს სხვადასხვა ძეგლების რესტავრაციას, ამ შემთხვევაში ოპერას ვგულისხმობ.”

გიგი უგულავას თქმით, მან ეს განცხადება სპეციალურად გააკეთა:

“ვიცოდი, რომ ეს უხერხულობა შეიძლება აქ ყოფილიყო, მე ყველაფერი ვთქვი. დარჩენილია საქმე, რომელიც ბევრ სიკეთეს მოიტანს და კარგია, რომ ამ სიკეთის შექმნაში “ქართუს” ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა.”

“ქართუ ჯგუფი”, რომლის დამფუძნებელიც ბიძინა ივანიშვილია, ოპერის შენობის რეაბილიტაციას აფინანსებს. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრს 2009 წელს თანამშრომელთა სოციალური დახმარებისთვის 625 400 ლარი გადაერიცხა, ხოლო 2010 წელს – 623 400 ლარი. იმავე წელს ივანიშვილმა თეატრის შენობის რეაბილიტაციისთვის 2 337 600 ლარი გაიღო. როგორც თეატრის გენერალურმა დირექტორმა, დავით საყვარელიძემ განაცხადა, დაფინანსება არ შეწყვეტილა და სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

გიგი უგულავას დღეს “ქართუ ჯგუფზე” საუბრისას არც ერთხელ არ უხსნებეია ბიძინა ივანიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი