ახალი ამბები

ბაქრაძე: საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ დეპუტატების რაოდენობაზე

19 დეკემბერი, 2011 • 1049
ბაქრაძე: საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ დეპუტატების რაოდენობაზე
დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

“არსებობს საკითხი მომავალი პარლამენტის წევრთა რაოდენობასთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც სიტუაცია გაურკვეველია და ღიად რჩება,” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს, 19 დეკემბერს, სპეციალურ პრესკონფერენციაზე.

მისივე განცხადებით, აღნიშნული საკითხის თაობაზე ბოლო პერიოდში უამრავი განცხადება გაკეთდა, თუმცა საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარემ 14:00 საათისთვის ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილს წარმოადგენენ და რომლებიც დეპუტატთა რაოდენობის გაზრდაზე თანახმანი იყვნენ, კონსულტაციებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.   

“უკანასკნელი ორი-სამი კვირის განმავლობაში ჩვენ ოპოზიციური პარტიების მხრიდან განცხადებები მოვისმინეთ. ისინი, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, დეპუტატების გაზრდას მხარს აღარ უჭერენ. ჩვენ, ასევე, მოვისმინეთ “ნაციონალური მოძრაობის” საპასუხო განცხადებები იმის თაობაზე, რომ ოპოზიციის მხარდაჭერის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულ ინიციატივას მხარს ცალმხრივად არ დაუჭერენ. საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია და აუცილებელია სწრაფად გაირკვეს, გაიზრდება თუ არა დეპუტატთა რაოდენობა მომავალ პარლამენტში. თუ არ გაიზრდება, რისი საწინააღმდეგოც პირადად მე არაფერი მაქვს, სხვა მექანიზმები შეიძლება იყოს მოფიქრებული იმისთვის, რომ მომავალ პარლამენტში ოპოზიცია უფრო მრავალფეროვნად, უფრო ძლიერად და უფრო მეტი ფუნქციებით იყოს წარმოდგენილი,” – განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძის განცხადებით, დეპუტატების რაოდენობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება დღის ბოლომდე უნდა იყოს მიღებული.

მისივე თქმით, საარჩევნო სიების დაზუსტების კომისია უკვე შექმნილია. უახლოეს მომავალში კი უწყებათაშორისი ჯგუფი შეიქმნება, რომლის ამოცანაა არ დაუშვას არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

მასალების გადაბეჭდვის წესი