ახალი ამბები

“ოპერის მეგობართა საბჭოს” ხელმძღვანელობას უგულავას შესთავაზებენ

19 დეკემბერი, 2011 • 1004
“ოპერის მეგობართა საბჭოს” ხელმძღვანელობას უგულავას შესთავაზებენ
“თბილისის ოპერის მეგობართა საბჭოს” საპატიო თავმჯდომარეობას გიგი უგულავას შესთავაზებენ. ამის შესახებ “ნეტგაზეთთან” საუბრისას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ ოიკაშვილმა განაცხადა:

“თეატრს აქამდეც ჰყავდა ჯგუფი სპონსორებისა და გენერალური სპონსორებისა, თუმცა ახლა საბჭოს სახით ამას უკვე გარკვეული ფორმა მიეცემა. საბჭოს დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი იქნება, ხოლო ხელმძღვანელობას და საპატიო თავმჯდომარეობას დღეს ბატონ გიგი უგულავას შევთავაზებთ და იმედი გვაქვს, თანახმა იქნება”

“თბილისის ოპერის მეგობართა საბჭოში” აკუმულირებული თანხები საგანმანათლებლო პროექტებს, მუსიკოსების და დასის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მუსიკოსების საზღვარგარეთ სტაჟირებას და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე გამგზავრებას მოხმარდება. ზურაბ ოიკაშვილის თქმით, საბჭოს დაარსების ინიციატივა თეატრისა და დავით კეზერაშვილის ერთობლივი იდეა იყო:

“ოპერას გარკვეული ფინანსური დახმარება ესაჭიროება, რასაც მხარი აუბა ბატონმა დავით კეზერაშვილმა, როგორც ბიზნესმენმა. ის კარგად იცნობს ევროპულ სტრუქტურებს, სადაც სახელმწიფო ძალიან აქტიურად არის ჩართული თეატრის ცხოვრებაში და ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესმენები ახორციელებენ ხოლმე. ეს მათთვისაც პრივილეგიაა და თეატრისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”

ზურაბ ოიკაშვილის განცხადებით, საბჭო ღია ორგანიზაცია იქნება და გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შეთხვევაში, სხვებსაც შეეძლებათ შეუერთდნენ მის საქმიანობას. ინფორმაცია სხვა წევრების შესახებ დღეს სასტუმრო “თბილისი მარიოტში”, დაფუძნების ცერემონიალზე, გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი