ახალი ამბები

პროფკავშირები სტუდენტების უფასო დაზღვევის ინიციატივით გამოდის

19 დეკემბერი, 2011 • 1094
პროფკავშირები სტუდენტების უფასო დაზღვევის ინიციატივით გამოდის

ირაკლი პეტრიაშვილი
ირაკლი პეტრიაშვილი

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ორაკლი პეტრიაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს სტუდენტების უფასო დაზღვევის საკითხთან დაკავშირებით წერილს უგზავნის.

“გთხოვთ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის გარანტმა, მხარი დაუჭიროთ ჩვენს საკანონმდებლო ინიციატივას სტუდენტთა უფასო სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის შესახებ”.

წერილში ირაკლი პეტრიაშვილი ხსნის, რატომ მიმართავს პრეზიდენტს. მისი განცხადებით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა საქართველოს პარლამენტს. საკანონმდებლო ინიციატივა ეხება საქართველოს კანონში ,,უმაღლესი განათლების” შესახებ ცვლილებებისა და დამატებების შეტანას და ითვალისწინებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების უფასო სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფას.

პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ არერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა წარუდგინა საქართველოს პარლამენტს, თუმცა, საქართველოს კანონმდებლობისა და საკუთარი რეგლამენტის უხეში დარღვევით, დღემდე ისინი სრულად იგნორირებულია ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ იდეოლოგიურად ერთმანეთისგან განსხვავებულ პოზიციებზე ვდგავართ, ვფქირობთ, ჩვენ მიერ წარმოდგენილი ინიციატივა ემსახურება ახალგაზრდების ინტერესებს და, ზოგადად, სასარგებლოა ქვეყნის განვითარებისთვის”, – მიმართავს პეტრიაშვილი მიხეილ სააკაშვილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი