ახალი ამბები

აშშ–მ ერაყში სამხედრო კამპანია დაასრულა

18 დეკემბერი, 2011 • 1363
აშშ–მ ერაყში სამხედრო კამპანია დაასრულა

დღეს, 18 დეკემბერს, აშშ–ს ბოლო სამხედრო კონტინგენტმა დატოვა ერაყის ტერიტორია. ამერიკელი ჯარისკაცების ბოლო კოლონამ დღეს დილით გადაკვეთა ერაყიდან მეზობელი ქუვეითის მიმართულებით საზღვარი. Associated Press–ის ინფორმაციით, საზღვარზე ჯარისკაცები სიხარულისგან ყვიროდნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ.

2003 წლის მარტში აშშ–სა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალების ერაყში შეჭრის მიზეზი გახდა ერაყის მაშინდელი ლიდერის სადამ ჰუსეინის განზრახვა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შესახებ. დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში კოალიციის ქვეითი სამხედრო შეიარაღებული ძალები ერაყის დედაქალაქ ბაღდადში შევიდნენ.

2003 წლის 1 მაისს აშშ–ს მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა– უმცროსმა  სამხედრო მოქმედებების დასრულებისა და სამხედრო ოკუპაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. ერაყის ხელისუფლებაში მოვიდა ახალი ძალა, რომლის შემადგენლობაშიც უმრავლესობას შიიტები წარმოადგენდნენ.

აშშ–ს სამხედრო კამპანიას ერაყში 4.5 ათასი ამერიკელი ჯარისკაცისა და 100 ათასზე მეტი ერაყელის სიცოცხლე შეეწირა.

ერაყიდან სამხედრო ძალების გაყვანით აშშ–ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირნათლად შეასრულა ამომრჩევლებისთვის მიცემული პირობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი