აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნაზე რეფერენდუმი დანიშნა. ამის შესახებ რაულ ხაჯიმბამ დღეს, 1 ივნისს, მთავრობაში საზოგადოებასთან შეხვედრის დროს განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა სპუტნიკი ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციითვე, რეფერენდუმი 2016 წლის 10 ივლისს გაიმართება.
“პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოსთვის საზიანოა საკითხის ამგვარად დაყენება და რეფერენდუმის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენება. თუმცა, საზოგადოების კონსოლიდაციის საჭიროებიდან და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, ასეთი გადაწყვეტილება იყო მიღებული. ჩვენი ერთიანი ვართ, მე არ მეშინია”, – განაცხადა ხაჯიმბამ.
აფახაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ რეფერენდუმის გამართვაზე პროტოკოლი გაუგზავნა.
სამართლებრივი პროცედურის მიხედვით, რაულ ხაჯიმბას ორი კვირის განმავლობაში უნდა განეხილა აღნიშნული საკითხი და სამი თვის ვადაში დაენიშნა რეფერენდუმი, გარდა ამისა, აფხაზური კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტს შეუძლია რეფერენდუმის გარეშეც დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, ან პარლამენტს კანონის შეცვლის საკითხზე მიმართოს.
2016 წლის 2 მარტს საინიციატივო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც აფხაზეთის ოპოზიციური ძალების ნაწილია გაერთიანებული, აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე რეფერენდუმის მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა. აფხაზური კანონმდებლობით, საინციატივო ჯგუფს ორი თვის განმავლობაში მინიმუმ 10 ათასი ხელმოწერა უნდა შეეგროვებინა. ოფიციალური ინფორმაციით, 19 ათასი ხელმოწერა შეგროვდა.
აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების რეფერენდუმის გამართვის საკითხზე ოპოზიციურმა გაერთიანებამ ბრიფინგიც გამართა. მათი განცხადებით, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა აფხაზეთში პოლიტიკური და ეკონომიკური კრისიზით არის გამოწვეული.
რაულ ხაჯიმბა აფხაზეთში პრეზიდენტად 2014 წელს აირჩიეს. აფხაზეთის კანონმდებლობის შესაბამისად, აფხაზეთში პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევენ.