ახალი ამბები

შსს–ს განცხადება გია ცაგარეიშვილის შვილის “სხეულის დაზიანების ფაქტზე”

17 დეკემბერი, 2011 • 1205
შსს–ს განცხადება გია ცაგარეიშვილის შვილის “სხეულის დაზიანების ფაქტზე”

გიორგი ცაგარეიშვილი
გიორგი ცაგარეიშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის წევრისა და ოპოზიციონერის გია ცაგარეიშვილის შვილის “სხეულის დაზიანების ფაქტზე” განცხადებას ავრცელებს.

“2011 წლის 14 დეკემბერს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება  სისხლის სამართლის საქმეზე ზურაბ ცაგარეიშვილის სხეულის დაზიანების ფაქტზე დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზურაბ ცაგარეიშვილი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ქ.თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე რესტორან „HB”-ში, სადაც მას სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა მისთვის უცნობ ივანე ერგემლიძესთან. ეს უკანასკნელი რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ დაუკავშირდა თავის მეგობრებს – ირაკლი გიორგაძეს, ლევან ჭუმბურიძეს, ვოვა ილინს– რათა მოეხდინა ანგარიშწორება რესტორანში მომხდარი შელაპარაკების გამო. ივანე ერგემლიძე და მისი მეგობრები  დაელოდნენ რესტორანში მომხდარი შეკამათებისას ყველაზე აქტიურ მონაწილეს ზურაბ ცაგარეიშვილს და  რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ ავტომანქანით გაყვნენ  მას სახლამდე. შევიდა რა ცაგარეიშვილი თავისივე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ივანე ერგემლიძემ.  მეგობართან  ირაკლი გიორგაძესთან ერთად, მიაყენა მას სხეულის დაზიანება.

2011 წლის 17 დეკემბერს ივანე ერგემლიძე დაკავებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

საქმეში ასევე წარმოდგენიალია მხარეთა აღიარებითი ჩვენებები.

გამოძიებას აწარმოებს ვაკე–საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილება,”–ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებული განცხადებაში.

შეგახსენებთ, გიორგი ცაგარეიშვილის ინფორმაციით, მისი შვილი, 19 წლის ზურაბ ცაგარეიშვილი, უცნობმა პირებმა 14 დეკემბერს გვიან ღამით, 00:30 საათზე, საკუთარ სადარბაზოსთან სცემეს. პარლამენტარი მომხდარს თავის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

როგორც ცაგარეიშვილი ამბობს, ოთხი უცნობი ადამიანი ზურაბ ცაგარეიშვილს სადარბაზოში თავს იმ დროს დაესხა, როცა შინ ბრუნდებოდა. დეპუტატის თქმით, ხმაურზე მეზობლები გამოცვივდნენ, რის შემდეგაც თავდამსხმელები მიიმალნენ, ნაცემი ახალგაზრდა კი სასწრაფო დახმარების მანქანით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პარლამენტარი ამბობს, რომ თავის შვილს ექიმებმა ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს და ამ დროისათვის სახლში მკურნალობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი