ახალი ამბები

3 და 4 ივნისს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს

1 ივნისი, 2016 • 1282
3 და 4 ივნისს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს

3 და 4 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ. აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

“პარასკევს და შაბათს ვგეგმავთ პარლამენტის რიგგარეშე სხდომების ჩატარებას. სანამ პრეზიდენტს მივმართავთ სათანადო საკითხზე, მინდა ბიუროზე ვიმსჯელოთ იმ დღის წესრიგზე, რომლითაც რიგგარეშე სხდომებზე ვიმუშავებთ.  გთავაზობთ, რომ პრეზიდენტის შენიშვნები გადაეცეს ადამიანის უფლებათა კომიტეტს და მოამზადოს ის პლენარული სხდომისთვის, ანუ ჩაატაროს სხდომა და განიხილოს შენიშვნები,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 31 მაისს ვეტო დაადო ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს, რომელიც პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, 14 მაისს დაამტკიცა 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ.

პრეზიდენტის თქმით, მას ჰქონდა კონსულტაციები და “კონსტრუქციული თანამშრომლობა” პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან, რის შემდეგაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოტივირებული შენივშნები დღესვე გაიგზავნება პარლამენტში.

“პარლამენტს გადაეგზავნება ის მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც აქამდეც გამოსახავდა ჩვენს კითხვის ნიშნებს, ეს შეეხება სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების ქვორუმის საკითხებს, მოსამართლეების 10-წლიანი ვადის სრულფასოვნად მომზადებას. მაქვს იმედი, რომ ჩვენი პოზიციები იქნება გაზიარებული პარლამენტში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტიციო სასამართლოს შესახებ კანონზე ვეტოს, სავარაუდოდ, საპარლამენტო უმრავლესობა არ დაძლევს და პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს გაითვალისწინებს. ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტისას გააკეთა.]

მასალების გადაბეჭდვის წესი