ახალი ამბები

თბილისში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სხდომა მიმდინარეობს

17 დეკემბერი, 2011 • 1001
თბილისში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სხდომა მიმდინარეობს

თბილისში, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა რიგით მესამე საერთო კრება იმართება.

სხდომის ფარგლებში ქარტიის საბჭო მიმდინარე წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარმოადგენს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც 200–მდე წევრს აერთიანებს, 2009 წლის დეკემბერში შეიქმნა. ქარტიის წევრების მიერ 11 პრინციპის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებებს განიხილავს 9 წევრისგან (აქედან 6 მათგანი მრეგიონულ მედიას წარმოადგენს და 3 – დედაქალაქისას) შემდგარი საბჭო. საბჭოს წევრები საერთო კრების მიერ აირჩევიან.

წესდების შესაბამისად, დღევანდელ სხდომაზე საბჭოს სამი ახალი წევრი აირჩევა სამი წლის ვადით (ორი რეგიონული მედიის წარმომადგენელი და ერთი – დედაქალაქში რეგისტრირებული მედიიდან).

სხდომაზე საბჭო ცვლილებების პროექტს წარმოადგენს. ერთ–ერთი ცვლილება ითვალისწინებს საბჭოს მანდატის გაფართოებას: კერძოდ, საბჭო ითხოვს უფლებას, განიხილოს განცხადება, რომელიც ეხება იმ პირის მიერ ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დარღვევას, რომელიც არ არის ქარტიის წევრი.

მოქმედი წესდებით, საბჭო უფლებამოსილია მხოლოდ ქარტიის ხელმომწერთა მიერ ქარტიის პრინციპების დარღვევის საკითხების განხილვაზე. ცვლილებებისთვის აუცილებელია, რომ დღევანდელ საერთო კრებაში ქარტიის წვერთა 2/3 მონაწილეობდეს.

საბჭომ ზემოთ აღნიშნული ცვლილებები გასულ წელსაც შესთავაზა საერთო კრებას, თუმცა შარშან ეს საკითხი სწორედ იმის გამო ვერ გავიდა, რომ კრებაზე ქარტიის წევრთა საჭირო რაოდენობის შეგროვება ვერ მოხერხდა.

წელს ქარტიის ხელმომწერთა მხრიდან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სხვადასხვა პრინციპის დარღვევის შესწავლის მიზნით საბჭოში 5 განცხადება შევიდა: აქედან ორი – გაზეთ “პრაიმ–ტაიმის” წარმომადგენლების წინააღმდეგ, ერთი – ჟურნალ “ლიბერალის” მთავარი რედაქტორის წინააღმდეგ, ერთი – “გაზეთ ბათუმელების” რეპორტიორის და ერთიც– ქარტიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის წინააღმდეგ.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი