ახალი ამბები

მერაბიშვილი იორდანიაში

16 დეკემბერი, 2011 • 1175
მერაბიშვილი იორდანიაში

იორდანიის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ალ რაუდიმ და მისმა ქართველმა კოლეგამ – ივანე მერაბიშვილმა, ქალაქ ამანში ხელი მოაწერეს სამოქალაქო თავდაცვის კრიზისული მართვის შესახებ ერთობლივი თანამშრომლობის შეთანხმებას.

ალ რაუდის თქმით, ამანსა და თბილისს  სხვა ტიპის შეთანმხმებებიც აქვთ გაფორმებული, ორმხრივი კავშირის ხელშეწყობისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით:

“ჩვენმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებას 2010 წელს, მიმდინარე წლის დასაწყისში კი – შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ ჯანდაცვის, ტურიზმის, ვაჭრობის, მეცნიერების, კულტურის, განათლების სფეროებში,” – განაცხადა მან.

მისივე თქმით, იორდანიის სამეფოს სამოქალაქო თავდაცვის განყოფილებას აქვს კრიზისებისა და სტიქიური უბედურებების მართვის კუთხით მნიშვნელოვანი გამოცდილება. ხელისუფლების მიერ დაფუძნებულია სამოქალაქო თავდაცვის რეგიონული ცენტრი, რომელიც თანამშრომლობს სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციასთან. აღნიშნული ცენტრი ამუშავებს სამოქალაქო თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული სიახლეების, ტექნიკური საკითხების შესახებ მონაცემთა ბანკს.

მერაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო, რომელიც არაერთხელ აღმოჩნდა ბუნებრივი და ხელოვნური კრიზებისა და კატასტროფების წინაშე, გაიზიარებს იორდანიის გამოცდილებას სამოქალაქო თავდაცვისა და კრიზისების მენეჯმენტის საკითხებში.

“იორდანიას ამ კუთხით მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. ის არაერთხელ დახმარებია სხვა ქვეყნებს სხვადასხვა ტიპის კრიზებისა და უბედურებების მართვაში. ვიმედოვნებთ, რომ ეს ხელშეკრულება კიდევ უფრო გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობასა და კავშირებს,” – განაცხადა მერაბიშვილმა.

საქართველოს შს მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ მისი უწყება იმუშავებს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რათა მიღწეულ იქნას შეთანხმება ორი ქვეყნის მოქალაქეების უვიზო გადაადგილების შესახებ იორდანიასა და საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის ზრდასა და ხალხს შორის ინფორმაციის გაცვლას ორი ქვეყნის კულტურის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი