ახალი ამბები

ეროსი კიწმარიშვილი “მაესტროს” დამფუძნებლებისგან 7 მილიონს ითხოვს

16 დეკემბერი, 2011 • • 1024
ეროსი კიწმარიშვილი “მაესტროს” დამფუძნებლებისგან 7 მილიონს ითხოვს

ეროსი კიწმარიშვილი ©  თაზო კუპრეიშვილი
ეროსი კიწმარიშვილი © თაზო კუპრეიშვილი

“რუსთავის მედიის მართვის კომპანიის” დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი ორშაბათს, 19 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანს სარჩელს შპს “სტუდია მაესტროს” დამფუძნებლების წინააღმდეგ და მათგან მოითხოვს 7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებას. კიწმარიშვილის თქმით, ეს ის თანხაა, რომელიც მან მაესტროს განვითარებისთვის მოიზიდა.

სასამართლოს გარდა, ეროსი კიწმარიშვილი უახლოეს დღეებში მიმართავს პროკურატურას, დაიწყოს გამოძება ტელეკომპანია “მაესტროს” გენერალური დირექტორის, ილია კიკაბიძის “მაესტროში” საქმიანობასთან დაკავშირებით.  აღნიშნული განცხადებები ეროსი კიწმარიშვილმა დღეს, 16 დეკემბერს, “tribuna.ge-ს” ოფისში გააკეთა.

“ქართული პარტიის” ლიდერი უახლოეს მომავალში აპირებს, რომ “მაესტროს” დამფუძნებლების წინააღმდეგ დავა წამოიწყოს ჟენევის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში. კიწმარიშილი ამბობს, რომ ინვესტორებისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად “მაესტროს” მფლობელებს “არანაირი ქონება” არ ეყოფათ.

ეროსი კიწმარიშვილი “მაესტროს” მფლობელებსა და მმართველს შორის დაწყებული დაპირისპირების სათავედ ბიძინა ივანიშვილი მიაჩნია. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის საჯარო განცხადებები “მაესტროს” კრიტიკასა და ყიდვასთან დაკავშირებით, გახდა როგორც ბიზნეს, ისე მორალური ეთიკის ნორმებს, ხოლო როცა სიტუაცია აირია, ის აღარ ჩანს.

“ქართული პარტიის” ლიდერმა “მაესტროს” ჟურნალისტებს მოუწოდა, დაუბრუნდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებს ტელეკომპანიის ნუცუბიძის 93–ში არსებულ ოფისში და ნუ გააგრძელებენ “არალეგალურ მაუწყებლობას.” მისი თქმით, თუ ჟურნალისტები ამას არ იზამენ, მათ წინ “მაესტროს” “კარი მალე დაიკეტება” და ტელეკომპანია ნუცუბიძის ოფისიდან 30 იანვრიდან დაიწყებს მაუწყებლობას და ამისთვის თანამშრომელთა კონკურსი უკვე გამოცხადდა.

კიწამრიშვილმა ჟურნალისტებს მოლაპარაკება და პრობლემების განხილვა შესთავაზა საქართველოს სახალხო დამცველის თანდასწრებითა და მედიატორობით.

“მაესტროს” ჟურნალისტები და სხვა თანამშრომლები უკვე რამდენიმე კვირაა, საგანგებო რეჟიმში მაუწყებლობენ რადიო “მაესტროს” ოფისიდან. მათ პოლიციასაც კი მიმართეს, რათა ეროსი კიწმარიშვილს დაეტოვებინა ტელეკომპანიის შენობა.

გუშინ, 15 დეკემბერს, “მაესტროს” ერთ–ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ღლონტმა ტელეკომპანიის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა განცხადება, სადაც წერია: “გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ საკაბელო კომპანიებზე დაიწყო ზეწოლა “მაესტროს” გამორთვის მიზნით. შეიძლება სულ რამდენიმე დღეღა დაგვრჩა მაუწყებლობის. “იმედი 2”-ის განხორციელება გადამწყვეტ ფაზაში შედის. თუ საზოგადოება დაუშვებს “მაესტროს” გათიშვას, მაშინ საზოგადოება დაუშვებს გაყალბებულ არჩევნებსაც და მიშას სამუდამო მმართველობასაც. გადავარჩინოთ “მაესტრო.”

დღეს “მაეტსროს” ჟურნალისტები საპროტეტსო აქციის გამართვას აპირებენ, ისინი ქართველ კოლეგებს სოლიდარობისკენ მოუწოდებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი