ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი: როგორც დაინგრა ბერლინის კედელი, ისე დაინგრევა ეს საოკუპაციო კედელიც

31 მაისი, 2016 •
გიორგი მარგველაშვილი: როგორც დაინგრა ბერლინის კედელი, ისე დაინგრევა ეს საოკუპაციო კედელიც

საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტები დღეს სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფ ანდრეი კისკას  ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში შექმნილი ვითარება გააცნო და მავთულხლართების მიღმა მოყოლილი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება.

“მე მინდა მადლობა გადავუხადო სლოვაკეთის პრეზიდენტს იმისთვის რომ მობრძანდა აქ და თავისი თვალით ნახა ის ისტორიული უსამართლობა, რაც ხდება საქართველოს მიწაზე და რომელსაც ოკუპანტები ახორციელებენ. ისევე, როგორც დაინგრა სხვა კედლები ევროპაში, როგორც დაინგრა ბერლინის კედელი, ბუნებრივია, ეს კედელიც დაინგრევა და მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ  ჩვენს მოქალაქეებს, იქნებიან ისინი ეთნიკური ქართველები თუ ოსები, დავეხმაროთ, გავუწოდოთ მეგობრობის ხელი და გადავუწყვიტოთ ის პრობლემები, რაც აქვთ,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი