რია ნოვოსტის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის ოპოზიციური ლიდერის ალა ჯიოევას მხარდამჭერები თავიანთი შტაბიდან ცენტრალური მოედნისკენ გაემართნენ, რათა პარლამენტის გადაწყვეტილება გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლის პოსტებზე დატოვების შესახებ გააპროტესტონ.ჯიოევას შტაბი ცხინვალის ცენტრალური მოედნიდან 500 მეტრში მდებარეობს. გუშინ საღამოს ოპოზიციურმა ლიდერმა თავისი გეგმების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მსვლელობა შტაბიდან მოედნამდე ყოველდღე მოეწყობა.
”გარკვეული ნაწილი შტაბიდან მოედნისკენ იმოძრავებს, ნაწილი კი უშუალოდ მოედანზე შიკრიბება”
სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, დღეს, 12 საათზე, მთავარ მოედანზე, მთავრობის სახლის წინ 50 ადამიანი შეიკრიბა.
შეთანხმების თანახმად, პოსტი უნდა დაეტოვებინათ: გენერალურ პროკურორ თეიმურაზ ხუგაევს, მის მოადგილე ელდარ კოკოევს, უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელს აცამაზ ბიჩენოვს. პარლამენტმა კი ოთხშაბათს აღნიშნულ პირთა გადადგომას მხარი არ დაუჭირა, სწორედ ეს ფაქტი გახდა დღევანდელი აქციის მიზეზი.
ჯიოევამ ასევე მიმართა რუსეთის ფედერაციას, ჩაერთოს სამხრეთ ოსეთიში განვითარებულ მოვლენებში.
”არსებობს სისხლისღვრის საფრთხე და ამაზე პასუხისმგებელი ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი იქნება, სამხრეთ ოსეთი შესაძლოა სამოქალაქო ომის დაწყების საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს, გთხოვთ სასწრაფო რეაგირებას”- წერს ჯიოევა დოკუმენტში.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები თავად უნდა შეთანხმდენენ, თუ როგორ უნდა მართონ ქვეყანა. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა, მოლაპარაკებებისთვის შუამავლები გაუგზავნოს.




