ახალი ამბები

კონფერენცია სოციალური უფლებების დაცვაზე საქართველოში

15 დეკემბერი, 2011 • 1093
კონფერენცია სოციალური უფლებების დაცვაზე საქართველოში

დღეს საქართველოს სახალხო დამცველისა და ევროსაბჭოს ევროპის სოციალურ საკითხთა კომიტეტის თანამშრომლობით  ევროპის სოციალური ქარტიის 50–ე წლისთავის აღსანიშნავად გაიმართება კონფერენცია– „სოციალურ უფლებათა დაცვის ეფექტურობა საქართველოში“.

კონფერენციის თემაა ჯანმრთელობის, სოციალური კეთილდღეობისა და სოციალური უსაფრთხოების დაცვა. ცალკეულ სესიებზე ყურადღება დაეთმობა აღნიშნული თემების ფარგლებში ევროპული სტანდარტების მიმოხილვას და საქართველოს მიერ აღნიშნული უფლებების დაცვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და რეფორმებს.  კონფერენციის მსვლელობისას ასევე განიხილება ის მექანიზმები, რომლებსაც აყალიბებს ევროპის სოციალური ქარტია წევრი სახელმწიფოების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: ევროპის სოციალურ საკითხთა კომიტეტის ვიცე–პრეზიდენტი, სოციალური ქარტიის სამდივნოს წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრები და სხვა უწყებების წარმომადგენლები.

კონფერენცია ტარდება ევროსაბჭოს პროექტის „დანიის საქართველოს პროგრამა 2010–2013, სასამართლოს რეფორმის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობა საქართველოში“ დაფინანსებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი