ახალი ამბები

ივანიშვილის საკითხი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან განიხილეს

19 დეკემბერი, 2011 • • 1169
ივანიშვილის საკითხი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან განიხილეს
“ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული და რეფორმების პარტიის (ELDR) პრეზიდენტმა სერ გრეჰემ ვატსონმა საქართველოს საკითხი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ბარონესა კატერინ ეშტონთან განიხილა” – აღნიშნულია ELDR-ის საინფორმაციო ბიულეტენში.

2011 წლის 8 დეკემბერს ევროპის ლიბერალურ–დემოკრატიული და რეფორმების პარტიის (ELDR) ლიდერების შეხვედრაზე პარტიის პრეზიდენტმა სერ გრეჰემ ვატსონმა და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ბატონმა დავით უსუფაშვილმა საქართველოში ლიბერალური ოპოზიციის პერსპექტივები და პრობლემები განიხილეს.

2011 წლის 12 დეკემბერს ბატონმა ვატსონმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლეს წარმომადგენელ ბარონესა კატერინ ეშტონთან შეხვედრაზე ისაუბრა ქართველი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის საქმეზე, რომელმაც ოპოზიციური მოძრაობა ”ქართული ოცნება” დააფუძნა და თანმაშრომლობა გადაწყვიტა ELDR-ის წევრ რესპუბლიკურ პარტიასთან და  ELDR-ის წევრობის კანდიდატ თავისუფალ დემოკრატებთან.

“მას შემდეგ, რაც ბატონმა ივანიშვილმა ღიად განაცხადა მისი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, საქართველოს ხელისუფლებამ მას მოქალაქეობა ჩამოართვა, რათა ვერ შეძლოს პოლიტიკური საქმიანობა. ამ დღიდან ბატონი ივანიშვილის ბიზნესი მუდმივი ზეწოლის ქვეშაა სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან.

სერ გრეჰემ ვატსონმა უმაღლეს წარმომადგენელს სთხოვა, აღნიშნული საკითხი განიხილოს საქართველოს ხელისუფლებასთან, მიიღოს მათგან განმარტებები და გარანტია იმისა, რომ  ქვეყანაში დაცული იქნება პოლიტიკური თავისუფლებისა და დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები,” – ნათქვამია საინფორმაციო ბიულეტინში.

მასალების გადაბეჭდვის წესი